მხოლოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ანაკლიის პროექტს ვერ განახორციელებს, თუ მთავრობის სრული მხარდაჭერა არ იქნება, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს მთავრობის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განუცხადა, რომლის თნახმადაც მთავრობა კონსორციუმს ხელშეკრულებას არ უწყვეტს.
ლევან ახვლედიანი მხარეებს შორის დამატებითი მოლაპარაკებების საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საჭიროა პროექტის ინვესტორებთან კომუნიკაციის პროცესში მთავრობამ აქტიური როლი ითამაშოს.
„გამოსავალი არის მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო და მხოლოდ ორივე მხარის ძალისხმევით. ცალმხრივად მხოლოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამ პროექტს ვერ განახორციელებს, თუ მთავრობის სრული მხარდაჭერა არ იქნება და თუ დაბრკოლებების ერთობლივი გადაწყვეტა არ იქნება, პროექტი წარმატებით ვერ დასრულდება. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ყველა რესურსი დავინახოთ და ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ პროექტი წარმატებით დავასრულოთ.
რაც შეეხება ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევას, რომელიც ამ დრომდე გადაუჭრელია, ახვლედიანის თქმით, მთავრობამ, კონსორციუმმა და ინვესტორებმა ერთად უნდა გამონახონ საკითხის გადაჭრის ოპტიმალური გზა.