საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „S&P Global“-მა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ („კორპროაცია“) გრძელვადიანი რეიტინგი „B+“-დან „BB -“-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, სააგენტომ კორპორაციის რეიტინგი 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
„საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კორპორაციის როლს ენერგეტიკული პოლიტიკის მიზნებისათვის. კორპორაცია წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს ბუნებრივი გაზის მოწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის საქმეში. ამასთან, კორპორაცია არის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ნავთობისა და გაზის უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო პროექტებში და ნავთობის ეროვნული კომპანია, რომელიც პროდუქციის განაწილების ხელშეკრულებებში სახელმწიფოს ინტერესებს წარმოდგენს.
კორპორაცია აქტიურად ახორციელებს ბიზნესის დივერსიფიკაციის პოლიტიკას ბუნებრივ გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მშენებლობისა და ოპერირების გზით.
სარეიტინგო სააგენტო ასევე აღნიშნავს გარდაბანი-2 თბოსადგურის პროექტის მნიშვნელობას, რომლის დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში. თბოსადგურის ექსპლოატაცია დაიწყება მიმდინარე წლის ბოლოს და ის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კორპორაციის ფინანსურ მდგომარეობას და გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას. კორპორაციის მომგებიანობაზე სარეიტინგოს შეფასებით აგრეთვე დადებით გავლენას იქონიებს შაჰ-დენიზის მეორე ფაზის განხორციელების შედეგად გაზრდილი გაზის ტრანზიტი, რაც შესაბამისად ზრდის კორპორაციის მიერ კონსორციუმისგან შესყიდული გაზის მოცულობებს.
„S&P Global-ს შეფასებით მოსალოდნელია კორპორაციის 2019 წლის საკრედიტო მაჩვენებლების დროებითი გაუარესება შესასყიდი გაზის გაზრდილი ფასისა და პიკური კაპიტალური დანახარჯების გამო.
სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ მაჩვენებლები გაუმჯობესდება მომავალ წლებში გარდაბანი 2-ის თბოელექტროსადგურის დასრულების შედეგად, რომელიც კორპორაციის EBITDA -ში შეიტანს დამატებით 70 მილიონ ლარს, დაწყებული 2020 წლიდან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.