პოლიტკოვსკაიას 48 ნომერში მცხოვრებ 26 ოჯახს ბინები დაუკანონდებათ, თუმცა, ყველას მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კალაძე აცხადებს, ოჯახების ნაწილს ფართები რამდენიმე წლის წინ დაუკანონდათ, თუმცა, რა ბედი ეწია ამ ქონებას, მან არ იცის.
„ჩვენი მოვიკვლიეთ და 22 თუ 26 ოჯახია. პროცესი მიმდინარეობს და ამ ადამიანებს უახლოეს ხანში დაუკანონდებათ. მოთხოვნა აქვს 86 ოჯახს და 86-ვეს ვერ დაუკანონდებათ, რადგან ამ ადამიანებს უკვე მიღებული აქვთ ფართები 2012 წლამდე. რა უქნეს და რა მოუვიდა ამ ფართებს გამიჭირდება ამაზე საუბარი. თუმცა ჩვენს მიერ მოკვლეულ ოჯახებს აუცილებლად დავეხმარებით", - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, პოლიტკოვსკაიას 48 ნომერში მცხოვრები რამდენიმე ათეული ოჯახი საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე 2002 წელს მიწისძვრით დაზარალების შემდეგ შეასახლეს, თუმცა, 8-სართულიანი კორპუსის პირველ სამ სართულზე მცხოვრებ ოჯახებს ქონება დაკანონებული არ აქვთ, რის საკუთრებაში გადაცემასაც ითხოვენ.