თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას განაგრძობს.
თბილისის მერიის ცნობით, ამჯერად, არაყიშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთში მიწისქვეშა კომუნიკაციების - წყლის, წყალარინების ქსელებისა და სანიაღვრე სისტემის განახლება დაიწყო.
სამუშაოების დაწყების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„სამუშაოების შემდეგი ეტაპი იწყება. რიგის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე გზა გადაიკეტება, რადგან აქაც ანალოგიური ტიპის სამუშაოები იწყება, რაც მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილებასა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. არაყიშვილი-რამიშვილის ქუჩების კვეთაზე, ჭავჭავაძის გამზირის მოწყობა ქვედა ფენებში დავასრულეთ და აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილით გადაადგილება უკვე შესაძლებელია. რაც შეეხება რიგის ქუჩამდე დარჩენილ საგზაო მონაკვეთს, სამუშაოები ორი კვირის განმავლობაში დასრულდება. მოსახლეობის თანხმობაც იყო, რომ სამუშაოები გაგრძელდეს და რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ჭავჭავაძის გამზირზე, მას შემდეგ, რაც მიწისქვეშა ქსელები მოეწყო, ასეთი მასშტაბური სამუშაოები არასდროს ჩატარებულა. შესაბამისად, ეს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ეტაპობრივად მივყვებით და ყველაფერს ვაკეთებთ. კომპანიები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, იმისთვის, რომ სამუშაოები ძალიან სწრაფად დავამთავროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ცნობითვე, პროექტის ფარგლებში, კეკელიძის ქუჩიდან არაყიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, უკვე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია. ამასთან, მოეწყო წყალარინების, სანიაღვრე და სასმელი წყლის ახალი ქსელები. კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ შესაბამისი სამუშაოები დაასრულა, რის შემდეგაც, ასფალტის საფარის ქვედა ფენა დაიგო.
რაც შეეხება თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე დარჩენილ გზის 1.2-კილომეტრიან მონაკვეთს, პროექტი ორ ნაწილად დაიყოფა და ანალოგიური სამუშაოები ჩატარდება - მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ასფალტის საფარი დაიგება.
„ჭავჭავაძის გამზირის სრული სარეაბილიტაციო არეალი 2.5 კილომეტრს მოიცავს. პროექტის ფარგლებში შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს. მოეწყობა ველობილიკი და ბორდიური, ტროტუარი მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით, რომლის გასწვრივ, უსაფრთხოების მოაჯირები და ბოძკინტები დამონტაჟდება. საერთო ჯამში, ასფალტის საფარი 60 000 კვ.მ. ფართობზე დაიგება.
გამზირი სრულად ადაპტირდება შშმ პირთათვის, შეიცვლება და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის LED განათების სისტემა. ასევე, დამონტაჟდება სახანძრო ჰიდრანტები, განთავსდება თანამედროვე დიზაინის მოსასვენებელი სკამები და ნარჩენების შემკრები კონტეინერები, მოეწყობა ახალი გაჩერებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სავალი ნაწილი.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 15 000 000 ლარი დაიხარჯება“. - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჭავჭავაძის გამზირზე დედაქალაქის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ვაკის რაიონის გამგეობისა და საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.