მოდით, ნუ გადავაყოლებთ ჩვენს მომავალს, ჩვენი ეროვნული ინტერესების საქმეს ამ სატელევიზიო გაცვლა-გამოცვლას. ჩვენ მზად ვართ, კომპანია მზად არის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კონსტრუქციულად გააგრძელოს დიალოგი, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც როდესაც ისაუბრა ანკლიის პორტის მშენებლობასა და „ანაკლიის კონსორციუმის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დაკონტრაქტებული კომპანიები მზად არიან, რომ პორტის მშენებლობა დაიწყოს.
„რაც შეეხება ყველა იმ სატელევიზიო გაცვლა-გამოცვლას ჩვენი მხრიდან და სახელმწიფოს მხრიდან, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სერიოზულ პროექტთან, ჩვენი მომავლის პროექტთან. საქმე არ ეხება მამუკა ხაზარაძეს. მე აღარ წარმოვადგენ კომპანიას. ჩვენი აქციები გადაცემულია „სატრასტო ფონდისთვის“. დღემდე ჩადებულია 75 მილიონი დოლარი, დაკონტრაქტებულია მშენებელი, დაკონტრაქტებულია „ჰიუნდაი“ , დაკონტრაქტებულია ჩინური კომპანია, ყველა მზად არის, რომ პროექტი დაიწყოს.
შესაბამისად, მოდით, ნუ გადავაყოლებთ ჩვენს მომავალს, ჩვენი ეროვნული ინტერესების საქმეს ამ სატელევიზიო გაცვლა-გამოცვლას. ჩვენ მზად ვართ, კომპანია მზად არის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კონსტრუქციულად გააგრძელოს დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გამოავლენს თავის ძალიან მკაფიო ნებას. საჭირო იყო მარტივი წერილი, ახლა ეს მარტივი წერილიც არ შველის. საჭიროა, ძალიან მკაფიო გარანტია კონკრეტულ ადრესატებზე, რომელიც ჩვენ ჩამოვიყვანეთ. ასე შეიძლება ეს საკითხი მოტრიალდეს და ანაკლია აშენდეს ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.