თბილისის მერიის მიერ აღებული ლითონის საფეხმავლო ხიდები საჭიროების შემთხვევაში თბილისის ცალკეულ ქუჩებზე შესაძლოა, ისევ ააწყონ. როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, ხიდები, რომლის დემონტაჟიც მერიამ განახორციელა, მუნიციპალიტეტის საწყობში ინახება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს, ჯამში 19 ხიდის აღებაა დაგეგმილი, საიდანაც 9 უკვე აღებულია.
„ყველა ხიდი დემონტაჟის შემდეგ მიაქვთ მერიის სასაწყობე მეურნეობაში. თბილისში სულ 34 რკინის ხიდია, აქედან წლის ბოლომდე დაგეგმილია 19 ხიდის დემონტაჟი. უკვე აღებულია 9 ხიდი, დარჩენილი 10 ხიდის დემონტაჟი წლის ბოლომდე განხორციელდება. ყველა ხიდის ადგილზე, მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი, ზებრა გადასასვლელები მოეწყობა. რაც შეეხება ხიდებს, რომლის დემონტაჟიც უკვე განხორციელდა, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ ქუჩებზე შესაძლოა, ისევ დამონტაჟდეს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში.
რაც შეეხება საფეხმავლო ხიდებთან ქვეითთა გადასასვლელებს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს, დედაქალაქში, წელს, საფეხმავლო ხიდებთან ქვეითთა 14 შუქნიშანი დამონტაჟდა, მათგან 12 მოქმედია, ხოლო რობაქიძის გამზირზე არსებული 2 შუქნიშანი უახლოეს ხანებში ამოქმედდება.
მათივე ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან დღემდე საფეხმავლო ხიდების სიახლოვეს შუქნიშნები დამონტაჟდა: წერეთლის გამზირზე, პანთეონის მიმდებარედ; დადიანის ქუჩაზე, მე-4 სკოლის მიმდებარედ; ვაჟა-ფშაველას გამზირისა და პეკინის ქუჩის კვეთაზე; ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ; ყაზბეგის გამზირზე, გოძიაშვილის პარკთან; რობაქიძის გამზირზე, ე.წ „წითელქუდასთან“; რობაქიძის გამზირისა და ბელიაშვილის ქუჩის კვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და არალეთის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და ქსნის ქუჩის კვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და 414-ე დივიზიის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და გუდამაყრის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და ლიახვის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და ზიგზაგის ქუჩის გადაკვეთაზე; შარტავას ქუჩაზე, თბილისის მერიასთან.
„უახლოეს ხანებში ქვეითთა შუქნიშნები მოეწყობა ვაზისუბანში, შანდორ პეტეფის ქუჩაზე, გორგასლის 111ა კორპუსის მიმდებარედ, გულიას ქუჩაზე ცენტრალურ ავტოსადგომთან და ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე. ეს უკანასკნელი ამუშავდება ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.
ცნობისთვის, ლითონის ხიდების დემონტაჟს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროცესი 2019 წლის აპრილში დაიწყო და დაანონსებული იყო, რომ ხიდების დემონტაჟი 20 ლოკაციაზე უნდა განხორციელებულიყო, თუმცა, მერიის ინფორმაციით, გორგასლის 111 ნომერში მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, ლითონის ხიდის დემონტაჟი არ მოხდება.
სადემონტაჟო სამუშაოებს, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 307 805 ლარი დაიხარჯება, კომპანია „მეტეხი 2008“ ახორციელებს.