ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში მყოფი დევნილებიდან, რომლებიც პრეტენზიას გამოთქვამენ, 3 ოჯახი დაკმაყოფილებულია ბინით, 4 ოჯახთან მიმართებით კი მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა. მისივე თქმით, ყველა დევნილი ოჯახი, ვინც აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმს, მიიღებს ბინას.
„სამინისტრომ გამოაცხადა მეორე ფაზა ბინების განაწილების 15 ოქტომბრიდან და დასრულდება 31 ოქტომბერს, შესაბამისად, დამატებით მოხდება 270-ზე მეტი ბინის განაწილება თბილისში, წლის ბოლომდე. მინდა მივმართო ყველა დევნილს ოჯახს, ვინც დაინტერესებულია ამ ფაქტით, შეავსონ აპლიკაციები, მოგვმართონ განცხადებებით, რათა მოხდეს განხილვა ბინით უზურნველყოფასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში მყოფი დევნილებიდან, რომლებიც გამოთქვამენ პრეტენზიას, 3 ოჯახი დაკმაყოფილებულია ბინით, 4 ოჯახთან მიმართებით კი მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ყველა ოჯახი მიიღებს ბინას,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
გიორგი წოწკოლაური ჟურნალისტებთან საუბრისას კონკრეტულ კრიტერიუმებს და ბინის გადაცემის პრინციპს ასახელებს.
„კრიტერიუმები ასეთია: თუ რა ვითარებაში ცხოვრობენ ისინი, აქვთ თუ არა მათ სოციალური შემწეობა, აქვთ თუ არა მძიმე საცხოვრებელი პირობები, ოჯახში არის თუ არა ორი ან მეტი არასრულწლოვანი მოზარდი, არის თუ არა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობები. ყველა ამ კრიტერიუმიდან გამომდინარეობს შესაბამისი შეწონილი ქულა, ხოლო ქულა კი განაპირობებს რიგს, რომელ დევნილს უფრო მეტად სჭირდება და პრიორიტეტულია მოცემულ მომენტში ფართის გადაცემა. მინისტრი რამდენჯერმე შეხვდა მათ, განემარტათ ყველა მოცემულობა, რაზეც მე ვსაუბრობ,“ - აღნიშნა გიორგი წოწკოლაურმა.
მისივე თქმით, მოცემული დევნილი ოჯახიდან არის რამდენიმე ოჯახი, რომელსაც მისამართი არ გააჩნია თბილისში და მათ სამინისტრომ რეგიონებში შესთავაზა შესაბამის შერჩევაში მონაწილეობა.
„წელს იწყება გორის, ხაშურის ქუთაისის და სხვა მრავალი რეგიონის მისამართით ბინების განაწილება. შევთავაზეთ, რომ მოსულიყვნენ, მიეღოთ მონაწილეობა განცხადების განხილვაში, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი არ გამოცხადებულან და არ მოუმართავთ განცხადებით,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
გუშინ აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან პოლიციის კორდონის გარღვევა და შენობაში შეჭრა სცადეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი აქციას მანამდე არ შეწყვეტდნენ, ვიდრე მათ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ შეხვდებოდა და მათ მოთხოვნებს არ მოისმენდა.