საჯარო სპორტული მოედნები, ველობილიკები და დასასვენებელი პარკი - სივრცე, რომლის მოწყობაც ვაკეში იგეგმება

საჯარო სპორტული მოედნებით, ველობილიკებით და დასასვენებელი პარკებით მოწყობილი სივრცეები დედაქალაქში ფაქტობრივად არ გვხვდება.

ინტენსიური განაშენიანების ფონზე საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ თბილისს მეტი გამწვანება და რეკრეაციული ზონები ესაჭიროება, თუმცა, აქტიური ურბანიზაციის გამო, ამ იდეის განსახორციელებლად დიდი ტერიტორიები აღარ გვხვდება, განსაკუთრებით კი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შემდეგ, დედაქალაქის რეკრეაციული ზონები გამოიკვეთა და ამ ადგილებში მშენებლობა ნებადართული არ არის. ერთ-ერთი მათგანი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის მიმდებარედ დაახლოებით, 2 ჰექტარი ტერიტორიაა, რომელიც ჩოგბურთის კორტების გაგრძელებას წარმოადგენს.

აღნიშნულ ტერიტორიას გენგეგმით რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭა. გარშემო ინტენსიური განაშენიანების გამო, ვაკის მცხოვრებთათვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სივრცეა, რომელიც სუფთა ჰაერის გავრცელების ფუნქციას ითავსებს. იმის გამო, რომ აღნიშნული ტერიტორია ჯერ კიდევ მოუწყობელია, გაჩნდა იდეა, რომ ჩოგბურთის კორტების გაგრძელებაზე სპორტული მოედნები, ველობილიკები, საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებელი პარკი გაშენდეს.

ჩოგბურთის კორტების დირექტორი და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აკა მეტრეველი აღნიშნავს, რომ მიესალმება, თუ ახლანდელი კორტების მიმდებარე ტერიტორიას ისეთივე სტატუსი ექნება, როგორიც იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე არსებობის დროს ჰქონდა. მისი თქმით, სანამ მტკვრის სანაპიროზე იუსტიციის სახლი აშენდებოდა, ამ ტერიტორიაზე 200-წლოვანი ხეები იყო დარგული, მოწყობილი იყო რეკრეაციული სივრცე, რაც მოსახლეობისთვის საჯარო იყო და კორტებსაც მნიშვნელოვან დატვირთვას სძენდა. როგორც აკა მეტრეველმა აღნიშნა, ის ახლანდელი კორტების ტერიტორიაზე საჯარო რეკრეაციული სივრცის მოწყობის იდეას მხარს დაუჭერს.

უფრო დეტალურად, როგორ ხედავს აღნიშნული ტერიტორიის განვითარების პერსპექტივას, თავად ჩოგბურთის კორტების დირექტორს ვესაუბრეთ.

როგორ ფიქრობთ, რამდენად დგას დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების ნაკლებობის პრობლემა და ზოგადად როგორ უნდა განვითარდეს კორტების მიმდებარე ტერიტორია?

რამდენადაც ვიცი, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ადგილს რეკრეაციული ზონის სტატუსი მიენიჭოს და, ალბათ, აქ პარკისა და სპორტული ობიექტების გარდა ვერაფერი აშენდება. მე ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად მართებულია, რადგან ქალაქი ისედაც რეკრეაციული ზონის და სიმწვანის ნაკლებობის პრობლემის წინაშე დგას და დამატებით საცხოვრებელი ბინების მშენებლობა ამ ტერიტორიაზე პირადად ჩემთვის წარმოუდგენელია.

გაჩნდა მოსაზრება, რომ ჩოგბურთის კორტების გაგრძელებად აქ სპორტული კომპლექსები, მოედნები და დასასვენებელი პარკი მოეწყოს, თქვენი მოსაზრება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?

ვფიქრობ, ამ ტერიტორიაზე საუკეთესო იქნებოდა პარკი სპორტული ინფრასტრუქტურით. ოღონდ ეს სპორტული ინფრასტრუქტურა არა დაკეტილი, არამედ საჯარო უნდა იყოს.

აქ აუცილებლად უნდა იყოს ჩოგბურთის მოედნებიც, მინი ფეხბურთისა და მინი კალათბურთის მოედანი, ველოსიპედით სასიარულო ბილიკები, რეკრეაციული ზონა და პარკი ვაკეში. მე ასე წარმომიდგენია, ამაზე უკეთესი აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერაფერი გაკეთდება.

როცა ჩოგბურთის კორტები იუსტიციის სახლის მიწის ნაკვეთიდან ამ ტერიტორიაზე გადმოდიოდა, ხომ არ გქონდათ საუბარი რეკრეაციული ზონის ან მსგავსი კომპლექსის მოწყობაზეც?

გარკვეული პერიოდის წინ სწორედ ეს იდეა გვქონდა. გვსურდა, რომ ამ ტერიტორიაზე ყოფილიყო ჩოგბურთის კომპლექსი. მოგეხსენებათ, გრუნტის მოედნების ნაკლებობა ისედაც არის თბილისსა და ზოგადად, საქართველოში, დახურული მოედნების კი განსაკუთრებით, ამიტომ მსგავსი კომპლექსი გაგვეკეთებინა.

ეს საკითხი უბრალოდ, მოსაზრების დონეზე განვიხილეთ. ვფიქრობ, თუ სპორტული კომპლექსი გაკეთდება, ეს ძალიან კარგი იქნება.

ვაკის ტერიტორიაზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს განაშენიანება მოსახლეობა მწვანე სივრცეების ნაკლებობასაც განიცდის. როგორ ფიქრობთ, ამ მხრივ რამდენად არის შესაძელებელი აღნიშნული ტერიტორიის განვითარება?

მე დარწმუნებული ვარ, ერთ ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც თბილისის მერიამ ვერეს ხეობის აღნიშნული ტერიტორია რეკრეაციულ ზონად გამოაცხადა და მშენებლობა აკრძალა, სწორედ ქალაქში სიმწვანის ნაკლებობაა.

კონკრეტულად ვერ ვიტყვი, ამ პროექტის განხორციელებაში ჩავერთვები თუ არა, მაგრამ მხარს აუცილებლად დავუჭერ. ამ ადგილას სპორტული კომპლექსისა და პარკის მოწყობაზე უკეთეს გამოსავალს ალბათ ვერ ვნახავთ.

მტკვრის სანაპიროზე, სადაც ახლა იუსტიციის სახლია, კორტები იყო. გამწვანების, სუფთა ჰაერის, მიკროკლიმატის გამო აქ მიჰყავდათ ბავშვები. ისინი, ფაქტობრივად, ამ ტერიტორიაზე იზრდებოდნენ. ზუსტად ასე წარმომიდგენია ადგილი სადაც ახლა ჩვენი კორტებია - სპორტული მოედნები და რეკრეაციული ზონა.