მინდა ვთქვა, რომ ფონდ „ქართუს“ არასდროს უთქვამს უარი ინტერნეტიზაციის პროექტზე, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა.
კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა ინტერნეტიზაციის პროექტი და განახორციელებს თუ არა ფონდი „ქართუ" ამას, ნათია თურნავამ უპასუხა, რომ ფონდი „ქართუ“ ყოველთვის გამოხატავდა და დღესაც გამოხატავს მზადყოფნას, მიიღოს მონაწილეობა ისეთ პროექტებში, სადაც მთავრობას სჭირდება დახმარება და კერძო ბიზნესის ინტერესი დაბალია.
„თავის დროზე, როდესაც ეს პროექტი დაიწყო, ფონდმა „ქართუმ“ საკმაოდ სერიოზული, სოლიდური თანხები გაიღო და დააფინანსა როგორც სტრუქტურის შექმნა, ასევე პირველადი კვლევები, რასაც ჩვენ ახლა ვიყენებთ. შემდგომში, რა მოდელითაც ყალიბდებოდა ეს პროექტი, ამ მოდელმა გამოიწვია გარკვეული კრიტიკა კერძო სექტორიდან და ამან შეაფერხა გარკვეულწილად ამ პროექტის განვითარება. ჩვენ ახლა ვაკეთებთ იმ მოდელის განახლებას, მოდელი უნდა იყოს იმდაგვარი, რომ კერძო ბიზნესთან ჩვენ არ შევდიოდეთ კონკურენციაში. უახლოეს პერიოდში, ჩვენ მოგახსენებთ, თუ როგორ და რა გზით განვითარდება ეს პროექტი. პროექტი არის თავისთავად ძალიან საჭირო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან სწრაფად განვაახლებთ ინტერნეტიზაციის პროექტს, როდესაც იქნება ბიუჯეტი და მოდელი, შემდეგ ვისაუბრებთ ამის დაფინანსების წყაროებზე,“- განაცხადა თურნავამ.