თბილისი - „აბრეშუმის გზის ფორუმის“ დედაქალაქი

რა შესაძლებლობები მოაქვს „აბრეშუმის გზის ფორუმს“ საქართველოსთვის?

2015 და 2017 წლების მსგავსად, თბილისი წელს კიდევ ერთხელ გახდება „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მასპინძელი დედაქალაქი.

ღონისძიებას, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პატრონაჟით ტარდება, 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მეზობელი სომხეთისა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერები, სხვადასხვა ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები, დიპლომატიური კორპუსების და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოელი ბიზნესმენები, საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები.

„აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს და სწორედ ამიტომ ამ ორი კონტინენტის გზაგასაყარზე ტარდება.

თუ ისტორიულ წარსულს გავიხსენებთ, აბრეშუმის დიდი გზა, რომელიც ძვ.წ მეორე საუკუნეში გაიხსნა, ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპიროებთან აკავშირებდა, შესაბამისად, ჩინური აბრეშუმი ევროპის მიმართულებით სწორედ ამ მარშრუტით მიემართებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო სფეროში, გლობალურად, რადიკალური ცვლილებები მოხდა, ამ გზის მნიშვნელობა არათუ მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელობის გვერდებზე აღიბეჭდა, არამედ მსოფლიო ლიდერებმაც დიდი ხანია აიტაცეს და სავაჭრო ურთიერთობების შესახებ საკომუნიკაციო საშუალებად აქციეს.

დღეს, როცა საქართველო ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით სარგებლობს, აბრეშუმის გზის ფორუმმა ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა (ხელშეკრულება ძალაში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა). ჩვენს ქვეყანას მიეცა შესაძლებლობა, უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებს და უდიდესი და უმდიდრესი ქვეყნების ლიდერებს უმასპინძლოს და ახალი სავაჭრო შესაძლებლობები დაანახოს. შესაძლოა, მისი გავლენა ეკონომიკაზე გრძელვადიანია, თუმცა ქვეყნის პოზიტიურად პოზიციონირებასა და ახალი ინვესტორების მოზიდვაში „აბრეშუმის გზის ფორუმს“ თავისი წვლილი შეაქვს.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი ფორუმს დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ღონისძიებები ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაიცის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აღნიშნავს, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმს“ შეუძლია, ინვესტორებს ჩვენს ქვეყანაში საინტერესო ბიზნეს გარემო დაანახოს.

„ფორუმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რამდენადაც ვიცით, მასში მონაწილეობენ ის ბიზნესებიც, ვისაც საქართველოში ინვესტიცია უკვე ჩადებული აქვს, შესაბამისად, ფორუმის ფარგლებში მათ ეძლევათ შესაძლებლობა, თავიანთი გამოცდილება დაინტერესებულ პირებს გაუზიარონ. გარდა ამისა, მოზიდული სატრანზიტო გადასახადები საქართველოსთვის ძალიან მნშვნელოვანია, შესაბამისად, შესაძლებელია, ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა ტვირთვის ტრანსპორტირების იაფი შესაძლებლობა გახდეს და ეს სარგებელი მივიღოთ“, -აღნიშნა ლევან სილაგავამ.

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ პირველი დღე ფოკუსირებული იქნება სავაჭრო ურთიერთობების საკითხებზე, ხელოვნურ ინტელექტზე, ტრანსპორტსა და ენერგეტიკაზე, მეორე დღე კი საქართველოში კერძო სექტორსა და ინვესტიციების შესაძლებლობებზე საუბარს დაეთმობა.

ფორუმი 22 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისასალმებელი სიტყვით გაიხსნება. მის ათობით სპიკერს შორის იქნებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადისლავ კრიკლი, BBC-სა და Sky News-ის ყოფილი წამყვანი, Magnus Communications-ის დამაარსებელი და მმართველი დირექტორი ჯულიეტ ფოსტერი, სხვადსხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, ბიზნესისა და ქვეყნის წარმომადგენლები განსხვავებული სფეროებიდან, რომლებიც საინტერესო ხედვებს წარმოადგენენ.

ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ სწორედ სექტორების, კომპანიებისა და ქვეყნების მრავალფეროვნება ხდის „აბრეშუმის გზის ფორუმს“ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად, მათ შორის, რაც ჩვენს ქვეყანაში ტარდება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს შესახებ ბევრი ახალი ინვესტორი გაიგებს, რადგან აბრეშუმის გზის ფორუმი არის საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიება. ეს არ არის მხოლოდ რიგითი კონფერენცია ან მარტივი ფორუმი და აქედან გამომდინარე, უცხოელი ინვესტორები, გადაწყვეტილების მიმღები პირები, სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენლები, რომლებიც ამ ფორუმს დაესწრებიან, ჩვენი ქვეყნის შესახებ უფრო მეტს შეიტყობენ. შესაბამისად, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ამბავი იმისთვის, რომ საქართველოს ცნობადობა, ინფორმირებულობა გაიზარდოს. ბუნებრივია, ასეთი ტიპის ფორუმები შემდგომში უცხოელი ინვესტორების საქართველოთი დაინტერესებას უწყობს ხელს.

იმ შემთხვევაში, თუ დამსწრე საზოგადოებასთან მოხდება ეფექტიანი კომუნიკაცია, ბუნებრივია, ეს საქართველოს მიმართ ინტერესს გაზრდის. ამან შემდგომში შეიძლება მოიტანოს ეკონომიკური ეფექტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისების კუთხით ან უბრალოდ, ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით“, -აღნიშნა „ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის“ ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა.

თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავჯმდომარე ოთარ ანგურიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მსგავს „საშუალო ეკონომიკის“ მქონე ქვეყნისთვის „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მასპინძლობა და სხვადსახვა ქვეყნისა და ბიზნესის სექტორის გადაწყვეტილებების მიმღები პირების სტუმრობა გარკვეული დივიდენდების მომტანია.

„რეგიონულ ცენტრში ვიმყოფებით და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ასეთი დონის საერთაშორისო ფორუმი ტარდება. აქვე ამ კონფერენციის მნიშვნელობას ისიც ზრდის, რომ პანელებზე წარმოდგენილები არიან საკმაოდ მაღალი რანგის მოხელეები სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ფაქტი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინვესტორებს უგზავნის მესიჯს, რომ ამ ქვეყანაში არის რაღაც მნიშვნელოვანი, აქ შეიძლება, ასეთი დონის კონფერენციებიც ჩატარდეს, რაც ავტომატურად დასტურია იმისა, რომ საკმაოდ კარგი საინვესტიციო შესაძლებლობაა საქართველოში“, - აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.

სატრანსპორტო კორიდორები განვითარებას განაგრძნობს, საერთაშორისო ვაჭრობა და კი დღეს სწორედ ამაზეა დაფუძნებული. სხვადასხვა ქვეყანა და ბიზნესმენი ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაზეა ფოკუსირებული, ამავდროულად კი ისინი ეკონომიკური ღიაობის პოპულარიზაციის გარშემო ერთიანდებიან. მათ შორის, ერთ-ერთი სწორედ „აბრეშუმის გზის ფორუმია“.

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ ორგანიზატორები არიან საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო.