საკრედიტო ბარათების ბაზარი საქართველოში საკმაოდ დიდია, თუმცა არა მზარდი. წლის დასაწყისში დაწესებულმა რეგულაციებმა ახალი ბარათებისა და ლიმიტების დამტკიცების პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე საკრედიტო ბარათი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტი იყო, რადგან მისი საპროცენტო განაკვეთი და სხვა პირობები მომხმარებლისთვის ხელსაყრელი ნამდვილად არ ყოფილა. რამდენიმე თვის წინ კი ბაზარზე გამოჩნდა სრულიად ახალი პროდუქტი „ვითიბი ბანკის“ V Card, რომელმაც ყველა პირობა გაანახევრა და პროდუქტი მაქსიმალურად მფლობელის ინტერესებზე მორგებული გახადა.
საქართველოში საკრედიტო ბარათების ბაზარზე, V Card-ზე და პირობების შემცირების შესაძლებლობაზე სასაუბროდ „ვითიბი ბანკის“ საცალო ბიზნესის დირექტორს ვალერიან გაბუნიას მივმართეთ.
როგორ შეაფასებთ დღეს საქართველოში არსებულ საკრედიტო ბარათების ბაზარს? რამდენად განვითარებულია ის?
ბაზარზე საკმაოდ მოცულობითი რაოდენობის საკრედიტო ბარათია რეგისტრირებული, თუმცა ამჟამად ბაზარი გაყინულია. წლის დასაწყისიდან, როდესაც ამ მიმართულებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა, მცირედი კლებაც დაფიქსირდა. დოკუმენტაციის განხილვის გარეშე ბარათის სწრაფად და წინასწარ დამტკიცებები აღარ ხდება. პარალელურად ხდება ძველი ბარათების ჩამოწერა და შესაბამისად ბაზარი ვეღარ იზრდება.
აღნიშნული მდგომარეობის ფონზე თქვენ მომხმარებელს შესთავაზეთ სრულიად ახალი ბარათი უპრეცედენტო პირობებით. როგორია ვითიბი ბანკის ამჟამინდელი პოლიტიკა საკრედიტო ბარათების მიმართულებით?
ჩვენთვის წლის დასაწყისიდან ძალიან პრიორიტეტული გახდა საკრედიტო ბარათების განვითარება. ეს იყო ის მიმართულება, რომელშიც ჩვენთვის კუთვნილ წილზე ნაკლები გვეკავა. მიზეზი კი ის იყო, რომ საკრედიტო ბარათების ბაზარზე საკმაოდ გვიან შემოვედით, როცა ის უკვე გაჯერებული იყო. მეორე მხრივ კი, ჩვენი ძველი საკრედიტო ბარათი არაფრით განსხვავდებოდა კონკურენტი ბანკების პროდუქტებისგან.
ამიტომ შევქმენით აბსოლუტურად ახალი ბარათი ბაზარზე და ამ პროცესში აქტიურად ჩავრთეთ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სხვა ბანკის მომხმარებლებიც. საბოლოოდ კი მივიღეთ პროდუქტი, რომელიც ყველა პარამეტრით გაუმჯობესებულია.
რეგულაციების ამოქმედების შემდეგ საკრედიტო ბარათის დასამტკიცებლად მომხმარებელს საფუძვლიანად ვიკვლევთ და რისკებს ვაზღვევთ, ამიტომ მართებული აღარაა, რომ მას შემცირებული რისკების პირობებშიც მაღალი პროცენტი გადავახდევინოთ. შესაბამისად, გავანახევრეთ ხარჯები. აღნიშნულით კლიენტების კმაყოფილების დონე მაქსიმალურად გაიზარდა.
როგორია თქვენი ამჟამინდელი საკრედიტო ბარათების პორტფოლიო და წლის ბოლომდე რა შედეგს ელოდებით?
სხვა პროდუქტებში ბაზრის დაახლოებით 4-5%-ს ვფლობთ. საკრედიტო ბარათებში წლის დასაწყისში ჩვენი წილი 1,5-1,7%-ის ფარგლებში მერყეობდა. V Card-ის ბაზარზე გამოსვლის შემდეგ ეს წილი სწრაფად იზრდება და ამ დროისთვის უკვე 2%-ს გადააჭარბა. მოლოდინი გვაქვს, რომ წლის ბოლოს 3,5%- 4% -ს მივაღწევთ, მომავალი წლის ბოლოსთვის კი საკრედიტო ბარათების ბაზრის 10%-ის ფლობას ვგეგმავთ.
ამ მონაცემებში ყველაზე მომხიბვლელი ის არის, რომ თვითონ საკრედიტო ბარათების ბაზარი არ იზრდება- ვიზრდებით მხოლოდ ჩვენ. გვჯერა, რომ ჩვენი პროდუქტი ნაწილობრივ სამომხმარებლო სესხებს ჩაანაცვლებს. საზოგადოება დაინახავს, რომ საკრედიტო ბარათებს აღარ აქვს კაბალური პირობები, ის ძალიან მოქნილია, ბევრი უპირატესობაც გააჩნია და სამომხმარებლო სესხის ნაცვლად სწორედ ამ პროდუქტის გამოყენებას დაიწყებს.
რა არის ის პარამეტრები, რომლითაც V Card ასე რადიკალურად განსხვავდება კონკურენტებისგან?
ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და სწორედ აღნიშნულის ნათელი მაგალითია V Card, რომლის პირობებსაც ანალოგი არ გააჩნია. თუ დღეს არ ხართ ვითიბი ბანკის კლიენტი და კითხვა გაქვთ, რატო უნდა გავხდე? პასუხი ცალსახად არის V Card -ის გამო, რადგან ამ ბარათს ანალოგი არ აქვს, ამ დრომდე ქართულ ბაზარზე არსებული საკრედიტო ბარათების საშუალო წლიური საპროცენტი განაკვეთი 26-30% იყო. ჩვენ კი მნიშვნელოვნად შევამცირეთ საპროცენტი განაკვეთი და V Card-ის შემთხვევაში ის 16,9%-ია (ეფექტური - 19,7%). საკრედიტო ბარათების მაქსიმალური ლიმიტი 20 000 ლარი კი 30 000 ლარამდე გავზარდეთ. ზოგადად, ეს პროდუქტი ვაჭრობისთვისაა განკუთვნილი და ამიტომ მისი ტერმინალში გატარება უფასოა. თუმცა განაღდების საკომისიო საკმაოდ მაღალი, 3%-ია. V Card-ისთვის ესეც შევცვალეთ და განაღდების საკომისიო ნებისმიერი ბანკის ნებისმიერ ბანკომატში 1% გავხადეთ. რაც შეეხება ყოველთვიურ შენატანს, თუ სხვა საკრედიტო ბარათების შემთხვევაში მომხმარებელს ათვისებული თანხის 5-10%-ის შეტანა უწევს, ჩვენი მომხმარებლები მხოლოდ 2%-ს გადაიხდიან. განსაკუთრებული სიახლეა საბონუსე სისტემა. V Card-ის გატარების დროს დახარჯული თანხის 1% საბონუსე ანგარიშზე ბრუნდება და მისი გამოყენება ნებისმიერი დანიშნულებითაა შესაძლებელი. მფლობელს შეუძლია გადაიხადოს კომუნალური გადასახადები ან თუნდაც, გაანაღდოს. შესაბამისად V Card -ის გონივრული გამოყენების შედეგად, მარტივად არის შესაძლებელი პლიუსში დარჩეს მომხმარებელი, ვინაიდან თუ დროულად მოხდება გახარჯული თანხის დაფარვა, პროცენტის გადახდა არ მოგიწევთ, ხოლო ბონუსად დაგროვილი თანხა მოგების სახით დაგჩრებათ.
ეს არის პროდუქტი ყველა სეგმენტისთვის, რადგან ლიმიტი 500-დან 30 000 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამავდროულად, ბარათს პირობებში ჩადებული აქვს პუნქტი, რომლის მიხედვით საკრედიტო ლიმიტის კონვერტირება ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია სამომხმარებლო სესხად დამატებითი პროცედურებისა და საკომისიოს გადახდის გარეშე. რა მომენტშიც კი მომხმარებელი გადაწყვეტს რომ, აღარ უნდა ბარათი და სურს დაფაროს იგი ყოველთვიური შენატანებით, მარტივად, რთული პროცედურების გარეშე მოხდება არსებული დავალიანების სამომხმარებლო სესხად ტრანსფორმაცია, სესხის პროცენტი იქნება იმ მომენტში ბანკში არსებული სამომხმარებლო სესხის განაკვეთის იდენტური და ფაქტიურად ის აიღებს სამომხმარებლოს სესხს გაცემის საკომისიოს გარეშე.
სულ რამდენიმე თვეა ეს პროდუქტი გაუშვით და ამ ეტაპისთვის 6000 ცალზე მეტი ბარათი გვაქვს გაცემული. ეს რა თქმა უნდა ბევრი არ არის, მაგრამ თუ ახალ რეგულაციებს გავითვალისწინებთ ძალიან კარგი შედეგია.
ახალი საკრედიტო ბარათის გამოჩენის შემდეგ კონკურენტების რეაქცია როგორია? როგორ ფიქრობთ, სხვა ბანკებიც შეამცირებენ საკრედიტო ბარათის საპროცენტო განაკვეთს?
მსხვილ კონკურენტებს რეაგირება ძალიან უჭირთ. მათ ტექნიკურად მსგავსი ბარათის შეთავაზების შესაძლებლობა აქვთ, თუმცა სხვა პრობლემის წინაშე დგანან. მათ ბაზრის იმდენად დიდი წილი უჭირავთ, რომ ჩვენი მსგავსი პირობების დაწესებით საკუთარი უკვე არსებული პროდუქტის კანიბალიზაციას მოახდენენ.
როგორც აღნიშნეთ, ახალი ბარათის V Card-ის შექმნა მეტ-ნაკლებად რეგულაციების გამკაცრებით იყო გამოწვეული. საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ ამ რეგულაციებს?
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ეს არის მკაცრი რეგულაციები, თუმცა მასაც აქვს გარკვეული პოზიტიური მხარე. კერძოდ ის, რომ ბაზრიდან გავიდნენ მოთამაშეები, რომლებიც მოსახლეობას არაადეკვატური საპროცენტო განაკვეთებითი უმტკიცებდნენ ლიმიტს. თუმცა ამ შედეგის მიღწევა ერთი მარტივი რეგულაციით- საპროცენტო განაკვეთის ზედა მაქსიმალური ზღვარის დაწესებითაც იყო შესაძლებელი. სხვა ზომების გამოყენება არ იყო მიზანშეწონილი. კლიენტისთვის კარგი, რაც რეგულაციების ამოქმედებას მოჰყვა იყო საპროცენტო განაკვეთის შემცირება. უარყოფითი ფაქტორი კი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელმისაწვდომობის შემცირებაა.
ამ მიმართულებით რეგიონში რა მდგომარეობაა?
რეგიონში ყველაზე განვითარებული საბანკო სფერო გვაქვს. პროცენტებიც ჩვენთან ყველაზე კარგია. შემიძლია ვთქვა, რომ წლებით წინ ვართ, თუმცა ასევე რაც რეგიონისგან და ბევრი სხვა ქვეყნისგანაც განგვასხვავებს მკაცრი რეგულაციებია. „ვითიბი ბანკი“ არაერთ ქვეყანაში ოპერირებს და ჩვენთან ცალსახად ყველაზე მკაცრად რეგულირდება საბანკო სფერო, რაც გარკვეულ წილად ეკონომიკის განვითარებას აფერხებს, მაგრამ ამასთან ერთად ბანკების ეფექტურობასაც ზრდის. ვინაიდან იგივე საქმე უნდა ვაკეთოთ ნაკლები დანახარჯით, რაც ეფექტურობაზე ცალსახად დადებითად აისახება.