თბილისის მერია საჭიროების შემთხვევაში იმ ლითონის საფეხმავლო ხიდების კვლავ აწყობის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელთა დემონტაჟი განხორციელდა, განმარტებას აკეთებს.
მერის ცნობით, ლითონის დაშლილი საფეხმავლო ხიდების აღდგენა არ იგეგმება და საჭიროების დადგომის შემთხვევაში, თბილისის ქუჩებში მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე ტიპის გადასასვლელი ხიდები გაკეთდება.
„თბილისის მერია, კონტრაქტორი კომპანიის მეშვეობით, ახორციელებს ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს. სულ დაგეგმილია 19 ხიდის დემონტაჟი, ამ დროისთვის კი დაშლილი და დასაწყობებულია 9 ხიდი. წელსვე დასრულდება დარჩენილი 10 ხიდის დემონტაჟი.
დაშლილი ხიდები დასაწყობებულია თბილისის მერიის საწყობში. მათი აღდგენა არ იგეგმება.
მომავალში, საჭიროების დადგომის შემთხვევაში, თბილისის ქუჩებში მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე ტიპის გადასასვლელი ხიდები გაკეთდება“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, თბილისის მერიის განცხადება „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომელშიც სააგენტო თავად მერიაზე გაკეთებულ კომენტარზე დაყრდნობით წერდა, რომ ლითონის საფეხმავლო ხიდები, რომლის დემონტაჟიც თბილისის მერიამ განახორციელა, შესაძლოა, ისევ ააწყონ. კერძოდ, მერიაში „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თავდაპირველად ასეთი კომენტარი გაკეთდა: „ყველა ხიდი დემონტაჟის შემდეგ მიაქვთ მერიის სასაწყობე მეურნეობაში. თბილისში სულ 34 რკინის ხიდია, აქედან წლის ბოლომდე დაგეგმილია 19 ხიდის დემონტაჟი. უკვე აღებულია 9 ხიდი, დარჩენილი 10 ხიდის დემონტაჟი წლის ბოლომდე განხორციელდება. ყველა ხიდის ადგილზე, მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი, ზებრა გადასასვლელები მოეწყობა. რაც შეეხება ხიდებს, რომლის დემონტაჟიც უკვე განხორციელდა, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ ქუჩებზე შესაძლოა, ისევ დამონტაჟდეს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში თავდაპირველად გაკეთებული კომენტარისას.