ინდოეთში ორისას შტატის ქალაქ ბჰუბანეშვარში პირველი რესტორანი გაიხსნა, სადაც კლიენტებს რობოტები მოემსახურებიან. რესტორანში მისული მომხმარებლისგან მიმტანის ნაცვლად შეკვეთას ორი რობოტი ჩამპო და ჩამელი მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი რესტორანია აღმოსავლეთ ინდოეთში, სადაც საჭმელად შესულ კლიენტებს ადგილობრივ დონეზე აწყობილი რობოტები მოემსახურებიან.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი ვიზიტისას რესტორანში რობოტის მომსახურების შთაბეჭდილების ქვეშ მყოფს მომინდა, მსგავსი ტიპის მომსახურება აქ ბჰუბანეშვარშიც დამენერგა. Robo Chef სავარაუდოდ, პირველი ამ ტიპის რესტორანია აღმოსავლეთ ინდოეთში“- განმარტა რესტორნის მფლობელმა ჯით ბაშამ.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ეს პირველი რესტორანი არ არის, სადაც კლიენტებს რობოტები ემსახურებიან, თუმცა თავად ეს რობოტები ჩინეთიდან არის იმპორტირებული, მაშინ როდესაც ბჰუბანეშვარში გახსნილი რესტორნის შემთხვევაში რობოტი ინდოეთშია შექმნილი. მას 17 სხვადასხვა სახეობის სენსორი აქვს, ის აღიქვამს გარემოს, სითბოს, კვამლსაც კი, ცნობს ადამიანებს და ესალმება მათ.
ავტორი: სალომე აბულაშვილი