რუსეთის საგარეო უწყება - მოსკოვი მზადაა ახალ სანქციებს უპასუხოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მზად არის ევროკავშირის ახალ სანქციებს უპასუხოს.

ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაში. "რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან ახალ სანქციებს, იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან რეაქცია მოჰყვება", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მოსკოვი ევროკავშირის მიერ ახალი სანქციებისთვის მზადებას აფასებს, როგორც პასუხს მინსკის მოლაპარაკებებზე, რომელიც უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას ეხებოდა.

"ევროკავშირი, ფაქტობრივად, უგზავნის მხარდაჭერის პირდაპირ სიგნალს კიევის "ომის პარტიას", რომელსაც არ აწყობს მინსკის შეხვედრების შედეგები", - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

სამმხრივი მოლაპარაკებები მინსკში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ უკრაინული მხარე, ეუთო და დონბასის თვითაღიარებული ე.წ. რესპუბლიკის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ხელი მოეწერა ოქმს, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას 5 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 18:00 საათიდან.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა აღარ მოიცადოს და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ორშაბათიდან, 8 სექტემბრიდან შემოიღოს.