რა დაჯდება აეროპორტიდან ტაქსით გადაადგილება - ვინ ფლობს კომპანიას, რომელსაც თბილისის აეროპორტში ტაქსის მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლება მიენიჭა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს დღეიდან კომპანია Bene Exclusive-ის ტაქსები მოემსახურებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, Bene Exclusive აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანას ახალი ჰიბრიდული და ელექტრო მანქანებით უზრუნველყოფს. მგზავრობის ტარიფი ქალაქის სხვადასხვა უბნების მიხედვით 30-დან 40 ლარამდე იქნება.

„აეროპორტში უკვე განთავსდა კომპანიის ოფისი, სადაც მგზავრები შეძლებენ წინასწარ შეიძინონ მგზავრობის ბილეთი და შეარჩიონ სასურველი მარშრუტი, ეს ინფორმაცია კი მძღოლს ავტომატურად გადაეცემა ავტომობილში სპეციალურად დამონტაჟებულ ეკრანებზე, გარდა ამისა, ტრანსპორტში განთავსებულია ტაქსომეტრები, რაც სერვისის საფასურს განსაზღვრავს, იმ შემთხვევაში, თუკი მგზავრი თბილისს გარეთ მიემგზავრება. Bene Exclusive-მა გადაამზადა მძღოლები, რომლებიც მგზავრების გადაყვანას უსაფრთხოდ და კომფორტულ გარემოში უზრუნველყოფენ. წლის ბოლომდე განახლდება ასევე კომპანიის ავტოპარკი.

Bene Exclusive ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს, რომელიც Bene Group -ის შვილობილი კომპანიაა. Bene Exclusive მომხარებელს Mercedes-Benz-ის, Toyota- ს და Lexus -ის ფირმის უახლესი ავტომობილებით მომსახურებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მასშტაბით სთავაზობს. Bene Group-ს საქართველოს გარდა წარმომადგენლობითი ოფისები უკრაინასა და ბელორუსში აქვს,“-აღნიშნულია „ტავ ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსის სერვისის ექსკლუზიური მიწოდების უფლებაზე ინტერესთა გამოხატვა 2019 წლის ივლისში გამოაცხადა. აღნიშნული სერვისის მიწოდებაზე ინტერესი ექვსმა კომპანიამ გამოხატა. ცნობისთვის, 2012 წლიდან დღემდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანას Toyota Taxi ახორციელებდა.

აღსანიშნავია, რომ მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიურობასთან დაკავშირებით, კონკურენციის სააგენტომ „ტავ ურბან საქართველოსგან“ ინფორმაცია გამოითხოვა. მათი ცნობით, სააგენტოს მიზანი იყო - შესაბამისი კომპანიის შერჩევის პროცესში კონკურენციის წესები და პირობები სრულად ყოფილიყო დაცული.

რაც შეეხება კომპანია „ბენე ჯგუფს“, რეესტრის 2019 წლის 5 სექტემბრის ამონაწერით, კომპანიის 60%-იან წილს - ზურაბ ბასილია, 20%-20%-იან წილებს კი მიხეილ ნამადოვი და მაკა ცქიტიშვილი ფლობენ.

თაია არდოტელი