მომღერალი და მსახიობი რიანა ოფიციალურად გახდა ყველაზე მდიდარი ქალი მუსიკოსი მსოფლიოში. გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, რიანას ქონება მოცემული მომენტისთვის 600 მილიონ დოლარს შეადგენს, შესაბამისად, ის უფრო მდიდარია, ვიდრე მადონა, სელინ დიონი და ბიონსეც კი. რიანას ლეიბლის Roc Nation-ის თანახმად, მომღერალმა 60 მილიონი ალბომი და 215 მილიონი ციფრული ტრეკი გაყიდა, რის გამოც ის ყველა დროის მეორე ყველაზე კარგად გაყიდვადი ციფრული არტისტია. თუმცა უნდა ითქვას, რომ რიანამ თავისი ქონება მხოლოდ მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობით არ დააგროვა.
რიანამ თავისი ვარსკვალური კარიერა, როგორც მუსიკოსმა დაიწყო. ის ამერიკელმა პროდიუსერმა 15 წლის ასაკში აღმოაჩინა, ამის შემდეგ მალევე მასთან თანამშრომლობა ჯეიზიმ დაიწყო. უკვე 2016 წლისთვის რიანას შემოსავალი მხოლოდ მუსიკიდან 22,3 მილიონ დოლარს შეადგენდა, რომ არაფერი ვთქვათ მის მსოფლიო ტურნეზე, რომელიც „დაიმონდის“ სახელით არის ცნობილი და რომელმაც ჯამში მომღერალს 137 მილიონი დოლარი მოუტანა. თუმცა დღეს მისი ქონების დიდ ნაწილს პარტნიორობებიდან და კამპანიებიდან შესული თანხა წარმოადგენს, როგორიც მაგალითად მილიონი დოლარის ღირებულების პარტნიორობაა პუმასთან. პუმამ რიანა კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე მიიწვია და შემდეგი 6 თვის განმავლობაში გაყიდვების 16%-იანი ზრდა მიიღო.
როგორც ჩანს, ყველაფერი, რასაც რიანა ეხება ოქროდ გადაიქცევა, ფაქტობრივად, მისი ფანები მზად არიან 3,7-ჯერ უფრო ხშირად შეიძინონ რიანას მიერ შეთავაზებული პროდუქცია, ვიდრე სხვა ცნობილი ადამიანების მიერ შეთავაზებული ნაწარმი. თაყვანისმცემლების მსგავს ერთგულებას რიანასთვის ათობით მილიონი დოლარი მოაქვს, როდესაც საუბარი მისი კოსმეტიკისა და ტანსაცმლის ხაზს ეხება.
ავტორი: სალომე აბულაშვილი