დავით დვალი - ვითხოვთ „რუსთავი 2“-ში ჩვენი წილის უკან დაბრუნებას, დღეიდან სამოქალაქო სამართლის ხაზით ვიწყებთ დავას

ვითხოვთ ჩვენი წილის უკან დაბრუნებას. დღეიდან ვიწყებთ დავას უკვე სამოქალაქო სამართლის ხაზით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ განუცხადა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და მათი ინტერესების დამცველმა კახა კოჟორიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

დავით დვალის განმარტებით, აქამდე საკითხზე სისხლის სამართლის დავა იყო, დღეიდან კი სამოქალაქო სამართლის ხაზით დაიწყება ტელეკომპანიის წილის დაბრუნებასთან დაკავშირებით დავა.

„ვითხოვთ ჩვენი წილის უკან დაბრუნებას. 2004 წელს ჩვენ სრულიად უკანონოდ, ძალადობით და ხელისუფლების უხეში ჩარევით „რუსთავი 2“-ში წილი წაგვართვეს. სარჩელი დაფუძნებულია იმ პროცესებზე, რომელიც ცოტა ხნის წინ განვითარდა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, იმ პროცესებმა, რომლებიც საქართველოში და შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში იყო, სამართლებრივი გზა გაგვიხსნა სამოქალაქო მიმართულებით დავიწყოთ დავა. აქამდე პროკურატურისთვის მხოლოდ სისხლის სამართლის დავით გვქონდა მიმართული, დღეიდან ვიწყებთ დავას უკვე სამოქალაქო სამართლის ხაზით“, - განაცხადა დავით დვალმა.