გამარჯვებაში დარწმუნებული რომ არ ვიყოთ, სარჩელსაც არ შემოვიტანდით, - ამის შესახებ ჯარჯი აქიმიძემ ჟურნალისტებს სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, სამართლიანობა მას შემდეგ აღსდგება, რაც "რუსთავი 2" მის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს დაუბრუნდებათ.
„დარწმუნებული ვართ, ამ ქვეყანაში სამართლიანობამ, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა გაიმარჯვოს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სამართლიანობამ გაიმარჯვა, მაგრამ ჩვენი პოზიცია შემდეგია - სამართლიანობა არ აღდგება, ვიდრე "რუსთავი 2" დამფუძნებლებს არ დაუბრუნდება. დამფუძნებლები ვართ 60%-იანი წილის პატრონები, რაც მე და დავით დვალს წაგვართვეს. სანამ არ დაბრუნდება ეს 60% და არ შევალთ ჩვენს დაფუძნებულ ტელევიზიაში, სამართალი არ აღდგება", - განაცხადა აქიმიძემ.
ის ასევე გამოეხმაურა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებას, რომელმაც სარჩელს ხანდაზმული უწოდა.
"ეს ალბათ, სასამართლოში კოჟორიძემ და სალიამ ერთმანეთში უნდა გაარკვიონ", - განაცხადა აქიმიძემ.