მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია შატილის სკოლა-პანსიონში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
„რამდენიმე საათის წინ, შატილის სკოლა-პანსიონში ხანძარი გაჩნდა. დაწესებულება ძირითადად ხის მასალისგან იყო დამზადებული, რის გამოც ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდა და შენობა სრულად დაიწვა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობიდან მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის გამოყვანა დროულად მოხერხდა.
ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია. ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა-პანსიონის შენობას მიმდინარე წლის ზაფხულში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 160 000 ლარს აღემატება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.