ევროპის ბაზარზე ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. მეტიც, როგორც PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული, წვენები იმ ტოპ-10 საიმპორტო პროდუტს შორის მოხვდა, რომელსაც ევროკაშირის ქვეყნები ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდულობენ.
მაგალითად, ევროპამ 2015 წელს 2,414 მლრდ აშშ დოლარის ხილისა და ბოსტნეულის წვენების იმპორტი განახორციელა, 2016 წელს - 2,522 მლრდ აშშ დოლარის, ხოლო 2017 წელს -2, 533 მლრდ აშშ დოლარის.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ამ ეტაპზე რომელ ქვეყნებში გადის ქართული ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენები და ამასთან, ექსპორტის მიმართულებით რა გეგმები აქვთ ადგილობრივ მწარმოებლებს.
როგორც „კამპას“ დირექტორი სანდრო ბუაძე ამბობს, კომპანია ამჟამად საკუთარი პროდუქციის მხოლოდ 10%-ის ექსპორტს ახორციელებს. თუმცა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპის ქვეყნებთან. შესაბამისად, „კამპაში“ საექსპორტო პროდუციის მოცულობის გაზრდას გეგმავენ.
„კამპას“ წვენები ჯერჯერობით ევროპის მიმართულებით არ გადის. ამ ეტაპზე ექსპორტს ვახორციელებთ აშშ-ში, ჩინეთში, რუსეთში და არაბულ ქვეყნებში. ჯამში, ჩვენი საერთო წარმოების 10% გადის ექსპორტზე. თუმცა, ვგეგმავთ, რომ ეს მაჩვენებელი გავზარდოთ და გავიდეთ ევროპის მიმართულებითაც. კერძოდ, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუმინეთთან და ბულგარეთთან. ზუსტად როდისთვის გავალთ, ამას ვერ გეტყვით, ჯერ ისევ მუშა პროცესში ვართ. ვნახოთ, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები, დიდი ალბათობით, ნელ-ნელა ევროპასაც ავითვისებთ“,-ამბობს სანდრო ბუაძე.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე გადის „კულას“ პროდუქცია, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვანო გოგლიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საექპორტო პოტენციალი დიდია, შესაბამისად, „კულას“ სამომავლო გეგმებში ევროპის ყველა ქვეყნის ათვისება შედის.
„ჩვენი პროდუქცია ევროპაში უკვე გადის. კერძოდ, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ინგლისში, საფრანგეთში, ესპანეთში, ავსტრიაში და რამდენადაც ვიცი, იქიდან ბელგიაშიც გადააქვთ. ჯამში, ჩვენი პროდუქციის 60% გადის ექსპორტზე, თუმცა ამ მაჩვენებლის გაზრდას ვაპირებთ. ამასთან, ახალი ქვეყნების ათვისება გვინდა, ისეთების როგორიცაა: ჩინეთი, აზიის ბაზრები და ევროპის ყველა ის დანარჩენი ქვეყნები, სადაც ამ დროისთვის არ გავდივართ“,-ამბობს ვანო გოგლიძე და აღნიშნავს, რომ ქართული პრუდუქცია უცხოეთში ძალიან მოთხოვნადია.
„უცხოეთის ბაზარზე ქართული ხილისა და ბოსტნეულის წვენები ძალიან საინტერესო პროდუქტადაა მიჩნეული, შესაბამისად, მოთხოვნა დიდია“,-ამბობს ვანო გოგლიძე.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 8 თვეში (იანვარი-აგვისტო) საქართველოდან ჯამში 4, 583 მლნ აშშ დოლარის ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის წვენები გავიდა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 4,053 მლნ აშშ დოლარის.
რაც შეეხება 2018 წლის სრულ მაჩვენელს, გასულ წელს საქართველოდან 8, 705 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.