„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ცნობით, საჯარო სამსახურში თანამდებობის პირის ოჯახის წევრის დასაქმების ზოგი შემთხვევა, ნეპოტიზმის მაღალ რისკს შეიცავს.
ორგანიზაციამ სახელმწიფო თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე უწყებაში ან მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში ან მის საქვეუწყებო დაწესებულებებში.
მათივე ცნობით, შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა, თუმცა, მსგავსი ფაქტები გვხვდება ცენტრალურ ხელისუფლებასა და სასამართლო სისტემაში.
„ყურადღება გავამახვილეთ ისეთ ფაქტებზე, როდესაც თანამდებობაზე დანიშვნის დროს თანამდებობის პირის ოჯახის წევრი საჯარო სამსახურში არ მუშაობდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 350-ზე მეტი მსგავსი შემთხვევა გვხვდება. მოცემულ ბლოგში წარმოდგენილია 40-ზე მეტი საყურადღებო შემთხვევა, რომელიც შესაძლოა ნეპოტიზმისა და ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს შეიცავდეს.
თანამდებობის პირების დეკლარაციების შესწავლის პროცესში რამდენიმე ყურადსაღები ტენდენცია გამოიკვეთა:
ადგილობრივ ხელისუფლებაში ხშირია თანამდებობის პირების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურში დასაქმება მისი ოჯახის წევრის რომელიმე ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. ხშირია ადგილობრივი თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა დასაქმება მუნიციპალურ სსიპ-ებსა და აიიპ-ებში.არის შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები მუშაობენ იმავე უწყებაში, რაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის დარღვევაა, გარდა კონკურსის წესით დანიშვნის შემთხვევებისა.სასამართლო სისტემაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსამართლეების ოჯახის წევრები საქმდებიან იმავე სისტემაში, ზოგიერთ შემთხვევაში იმავე რაიონულ სასამართლოში.სადეპუტატო მანდატის მიღების შემდეგ საჯარო სამსახურში ოჯახის წევრების დასაქმების ტენდენცია საქართველოს პარლამენტშიც იკვეთება. აღსანიშნავია, რომ ყველა დეპუტატი, რომლის ოჯახის წევრიც საჯარო სამსახურშია დასაქმებული, საპარლამენტო უმრავლესობის წევრია.„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” დიდი ხანია საუბრობს საჯარო სამსახურში არსებული გამოწვევების შესახებ ნეპოტიზმის, ფავორიტიზმის და პატრონაჟის მიმართულებით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მდგომარეობა სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში, რადგან სახელმწიფოს/ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ” და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონების პრინციპები, მათ შორის, არც მათი ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების კონკურსის წესით შერჩევის ვალდებულება.
ასევე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისგან განსხვავებით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა ცენტრალური და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისგან განცალკევებით მდგომი ორგანიზაციების (სსიპ და ა(ა)იპ-ების) დაფუძნებისათვის ნათელ და მკაფიო კრიტერიუმებს არ ადგენს. ნიშანდობლივია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული თანამდებობის პირების ოჯახის წევრების დიდი ნაწილი, სწორედ სსიპ-სა და ა(ა)იპ-ებში მუშაობენ.
ბუნებრივია, ქვემოთ წარმოდგენილი შემთხვევები აუცილებლად არ გულისხმობს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება კონკურსის წესის გვერდის ავლით ან მისი დარღვევით მოხდა და მიზნად არ ისახავს კონკრეტული პირების პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენებას. თუმცა, საქართველოში არსებული ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების ხარვეზების გათვალისწინებით, ასეთი შემთხვევების სიმრავლე მიუთითებს სისტემური პრობლემის არსებობასა და მასზე ეფექტური რეაგირების საჭიროებაზე.
ამავე დროს, კვლევა ემყარება მხოლოდ თანამდებობის პირების მიერ 2015-18 წლების ქონებრივ დეკლარაციებში მითითებულ მონაცემებს და ამდენად, პრობლემის სრულ მასშტაბს ვერ ასახავს (კანონის მიხედვით, “ოჯახის წევრში” იგულისხმება მხოლოდ პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი),“-აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება შემთხვევებს, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, ნეპოტიზმის მაღალ რისკს შეიცავს, შეეხება მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ახვლედიანის, პარლამენტის წევრების - კობა კობალაძის, ანზორ ბოლქვაძის, გოგა გულორდავას, დიმიტრი ხუნდაძის ოჯახის წევრებზე. სრულად იხილეთ ცხრილი:
აღსანიშნავია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცნობით, სადეპუტატო მანდატის მიღების შემდეგ საჯარო სამსახურში ოჯახის წევრების დასაქმების ტენდენცია საქართველოს პარლამენტშიც იკვეთება.