რაც რჩება ანაკლიის პროექტის განხორციელებისთვის, ეს არის, რომ კონსორციუმმა და ინვესტორებმა, ანუ კერძო სექტორმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ანაკლიის პროექტის შესახებ დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.
ამასთან, მან ისაუბრა ანაკლიის პროექტის მნიშვნელობაზე და განმარტა, რომ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფომ დაკისრებული ვალდებულებები პირნათლად შეასრულა.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია ეკონომიკის გაძლიერება. საქართველოს ეკონომიკის ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკაში. ამისათვის მნიშვნელოვანია ახალი აეროპორტების, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის, პორტების განვითარება. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში ანაკლიის პორტიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი. შესაბამისად, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინა ამ პროექტს. მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ სახელმწიფომ შეისყიდა მიწები, რომელიც გადაეცა კონსორციუმს პორტის აშენებისთვის. სახელმწიფო დაეთანხმა სუბორდინირებული სესხის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ ბიუჯეტში გაითვალისწინა თანხები რკინიგზის და ძირითადი მაგისტრალის მისაყვანად. შესაბამისად, ვალდებულებები, რომლებიც სახელმწიფოს ჰქონდა აღებული თავის მხარეს, არის შესრულებული ან ვალდებულება რომ შესრულდეს, ამისათვის არის გამოყოფილი კონკრეტული რესურსი. რაც რჩება ამ პროექტის განხორციელებისთვის, ეს არის, რომ კონსორციუმმა და ინვესტორებმა, ანუ კერძო სექტორმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები. ჩვენ ამ მიზნით რამდენიმეჯერ გადავუვადეთ, სახელმწიფომ რამდენჯერმე გადაუვადა ინვესტორებს ის ვადები, როდესაც პირობის შესრულება უნდა მომხდარიყო. ამიტომ, ვფიქრობ, აქ პასუხისმგებლობის გადმოტანა სახელმწიფოზე, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ყველა თავისი პასუხისმგებლობა აქვს პირნათლად შესრულებული, ელემენტარულად არის უსაფუძვლო", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, პროექტის განხორციელებისთვის მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
„თუ ამ პროექტს დღეს არსებული კონსორციუმი და კერძო სექტორი, რომლებსაც ვალდებულებები აქვთ აღებული, ვერ შეასრულებს, პირველ რიგში, ამას უნდა მიეცეს სათანადო შეფასება, რომ საზოგადოებამ გაიგოს, ვინ ვერ შეასრულა პირობა და მეორე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, რა თქმა უნდა, მცდელობა და მუშაობა იმისათვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და ვიმუშაოთ იმაზე, თუ როგორი იქნება ამ პროექტის მომავალი", - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.