„ჩვენ დედაქალაქში ავაშენებ არა ბეტონის ჯურღმულებს, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებლებს"

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მისი გუნდი დედაქალაქში ააშენებს არა ბეტონის ჯურღმულებს, არამედ ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებლებს.

ამის შესახებ ხაზარაძემ „მწვანე ქალაქი - ლისის“ ტერიტორიაზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც “ლელოს“ ახალი წევრები წარადგინა.

მისივე თქმით, მშენებლობის პრინციპის გამო სხვა ბიზნესმენები დასცინოდნენ, რადგან ნაგებობებს ტერიტორიის მხოლოდ 20% დაეთმო, ხოლო დანარჩენი 80% გამწვანებისთვის გამოიყო.

„ახლა ჩვენ ვიმყოფებით „მწვანე ქალაქი - ლისის“ ტერიტორიაზე. ეს პროექტი ჩვენ გუნდთან ერთად დავიწყეთ ომამდე. სამი წელი ომის შემდგომ გაჩერებული იყო, რადგან ამას დაემთხვა მსოფლიო კრიზისი. 2011 წელს ჩვენ ვთქვით, რომ გავაკეთებთ ყველაფერ იმის საწინააღმდეგოს, რაც ჩვენ დედაქალაქში ხდება ანუ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ავაშენებთ ბეტონის ჯურღმულებს, ჩვენ არ ავაშენებთ ისეთ რამეს, რომ ადამიანმა იცოდეს, მეორე დღეს მისი ფანჯრის წინ კედელი დახვდება. გადავწყვიტეთ, რომ უნდა გაგვეკეთებინა ისეთი ადგილი, რომელიც იქნებოდა ეკოლოგიურად სუფთა, მომავლის ქალაქი და იქნებდა არა საცხოვრებელი, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესი. აქ არის ორი პლანშეტი, სადაც ჩანს, თუ რა იყო ამ ტერიტორიაზე 2011 წელს - აქ იყო ხრიოკი. ჩვენ ვთქვით, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით შეგვეძლო, აგვეშენებინა ამ ტერიტორიის 50%-ზე, ჩვენ ავაშენეთ 20%-ზე. 80%-ს დავუთმობთ გამწვანებას, ჩვენ ავაშენეთ ძველი თბილისური პრინციპით - ვაშენებთ პარკებს და გარშემო ვაშენებთ საცხოვრებლებს. პირდაპირ გეტყვით, ბიზნესმენები დაგვცინოდნენ, რომ ჩვენ არ ვიცით ბიზნესი, რადგან პირიქით - ყველა რიგში დგას ახალი კვადრატული მეტრების დამატებაზე. ჩვენ ამაზე უარი ვთქვით და შევქმენით პრეცედენტი, როცა ასეთი სიმწვანეა. 80% საქართველოსი უნდა იყოს გამწვანებული. ეს იქნება სწორი მიდგომა. ჩვენ არ უნდა შევაჭმევინოთ მანქანებს, გამონაბოლქვებს, ბეტონებს ჩვენი შვილების მომავალი, ჩვენი ჯანმრთელობა. ამაზე ჩვენ ცალკე ხედვას გაგაცნობთ. ეს არაჩვეულებრივი გარემო, სადაც ასეულობით ოჯახია უკვე გადმოსული და ბედნიერად ცხოვრობს, სწორედ ამის საფუძველია, რომ ეს ფილოსოფია და ასეთი მიდგომა გავრცელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა ხაზარაძემ.