"ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელმაც ურცხვად თქვა, რომ არ იცის „პროგრეს ბანკის" შესახებ, ჩაბრძანდეს ერთი სართულით ქვევით და შეკრიბოს ის გუნდი, რომელიც დღე და ღამე ამ ტრანზაქციებს უყურებდა"

კეთილი ინებოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომელმაც ურცხვად თქვა, რომ არ იცის „პროგრეს ბანკისა" და ამ ტრანზაქციებს შესახებ, ჩაბრძანდეს ერთი სართულით ქვევით, შეკრიბოს ის გუნდი, რომელიც დღე და ღამე ამ ტრანზაქციებს უყურებდა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს „პროგრეს ბანკთან" დაკავშირების განუცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა ხაზარაძისთვის ცნობილი, რომ „პროგრეს ბანკიდან" არაუზრუნველყოფილი სესხები გაიცემოდა კახა კალაძის გარემოცვის კომპანიებზე, რისი ამსახველი დოკუმენტაციაც „თიბისი ბანკში" ინახება, ხაზარაძე აცხადებს, რომ თავად „თიბისი ბანკს" აღარ წარმოადგენს. მისივე თქმით, „პროგრეს ბანკის" ტრანზაქციებთან დაკავშირებით კითხვები ლეგიტიმურია.

ამასთან, ხაზარაძემ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებასაც უპასუხა, რომ ხაზარაძე „პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით ცრუობდა. ხაზარაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქვეყანას ამყოფებს სიცრუეში, ამის ერთ-ერთი მაგალითი კი მისი და ბადრი ჯაფარიძის საქმეა.

„მე უკვე რამდენიმე თვეა აღარ წარმოვადგენ „თიბისი ბანკს". მე მგონი კითხვები არის საკმაოდ ლეგიტიმური და სერიოზული. კითხვა იქიდან იწყება, როგორ მოხდა, რომ საქართველოში ოპერირებდა ბანკი, რომლის თანადამფუძნებელი კალაძესა და ივანიშვილთან ერთად იყო ცნობილი ფულის გამთეთრებელი გავრილოვი. დანარჩენი გამოძიების საქმეა. მე მათგან განსხვავებით უდანაშაულობის პრეზუმფციას ვიცავ და არავისკენ ხელი არ გამიშვერია. ვთქვი, რომ თუ საქართველოში გვინდა ნორმალური ქვეყნის აშენება, რაც ამ მთავრობის პირობებში არ მოხდება, საზოგადოებამ უნდა მოვახერხოთ, რომ ეს საკითხი გამომზეურდეს. კეთილი ინებოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომელმაც ურცხვად თქვა, რომ არ იცის „პროგრეს ბანკისა" და ამ ტრანზაქციების შესახებ, ჩაბრძანდეს ერთი სართულით ქვემოთ, შეკრიბოს ის გუნდი, რომელიც დღე და ღამე ამ ტრანზაქციებს უყურებდა და თუ არ უყურებდა, რატომ არ უყურებდა? თუ გამჭვირვალობაზეა საუბარი, ყველაფერი ცნობილი უნდა გახდეს საზოგადოებისთვის. ესაა მოთხოვნა“, - განაცხადა ხაზარაძემ.