"ჩვენი გადასახადებით თადუმაძის უწყება უხდის ე.წ. ექსპერტებს, რომლებსაც „შავი პიარისთვის“ იყენებს - ამ ადამიანების რეპუტაციას ჩრდილს არ ვაყენებ, ისინი შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი"

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ექსპერტების დაქირავებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი ექსპერტი შეცდომაშია შეყვანილი და მათ „შავი პიარისთვის“ იყენებენ.

„დღეს ჩვენი გადასახადებით თადუმაძის უწყება უხდის ე.წ. ექსპერტებს, რომლებსაც იყენებს „შავი პიარისთვის“. ამ ადამიანების რეპუტაციას მე ჩრდილს არ ვაყენებ, ისინი შეყვანილი ჰყავთ შეცდომაში. მათ არ იციან ქართული. არ წაუკითხავთ საქმის მასალები და მათ წერილშიც წერია, რომ არ იცნობენ საქმეს.

თადუმაძის უწყება ქირაობს ექსპერტებს, თადუმაძეს ქირაობს ბიძინა ივანიშვილი, როგორც ადვოკატს და პროკურორს და ხვალ დაიქირავებს როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.

ჩვენ დავამთავრებთ არასამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ბიძინა ივანიშვილის თამადობით. ეს უნდა დასრულდეს“, - აცხადებს ხაზარაძე.

გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე დღეს განაცხადა, რომ საერთაშორისო ექსპერტები მას არ დაუქირავებია, დაიქირავა პროკურატურამ.

მისი თქმით, წლების მანძილზე მათი ფუნქციაა ყველა გახმაურებულ საქმეზე, საერთაშორისო ანალიზის საფუძველზე, პროკურატურისთვის რჩევების მიცემა და კონსულტაციების გაწევა.

„ბუნებრივია, თანხა გადავუხადე ბიუჯეტიდან. წვდომა ჰქონდათ იმიტომ, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს ამ ექსპერტების მომსახურებას იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. ყველა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე 2015 წლიდან დღემდე აღნიშნული ექსპერტები ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს, წერენ დასკვნებს, რომლებიც ჩემთვის არის სარეკომენდაციო ხასიათის", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ საგამოძიებო უწყებისთვის მიწერილი წერილი გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდების მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებათა შეფასებებზე მუშაობა დაასრულა და მიიჩნია, რომ „მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა”.