"რეზონანსი" - რუსეთი ეცდება ავიამიმოსვლის აღდგენით საქართველოსგან დამატებითი სარგებელი მიიღოს

რუსეთ-საქართველოს შორის ფრენა თითქმის აღდგენილია. ოფიციალურად ამ ფაქტს არ ადასტურებენ, თუმცა მოლაპარაკება რომ დასკვნით ეტაპზეა, ამას არავინ უარყოფს. მიმოსვლის განახლებას პოზიტიურად აღიქვამენ ავიაციის სპეციალისტები, ოღონდ ისინი პარიტეტის დაცვას ითხოვენ.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილებით, ავიაკომპანიებს - "სიბირი" და "გლობუსი" მოსკოვიდან ქუთაისის აეროპორტში ავიამიმოსვლის უფლება მიეცა. ოფიციალური დოკუმენტი ფედერალური სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

რუსულ ავიაკომპანიებს ქუთაისის მიმართულებით კვირაში შვიდი რეისის განხორციელების შესაძლებლობა ექნება. როგორც რუსულ მედიას საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოში განუცხადეს, ნებართვის მიცემა არ ნიშნავს იმას, რომ რეისების დაწყება უკვე გადაწყვეტილია.

მოსკოვიდან ფრენის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. სამაგიეროდ, ფაქტს უკვე გამოეხმაურა, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, რომელმაც არ დაადასტურა ოფიციალურ დონეზე საკითხის გადაწყვეტა.

„ცნობილია ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით, თუ რუსეთის ოფიციალური წრეები გადახედავენ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღდგება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის. რა ფაქტზეც მიწევს კომენტარის გაკეთება, ის გავრცელდა რუსულ მედიაზე დაყრდნობით და ჯერჯერობით არ ნიშნავს ფრენების აღდგენას. ამისთვის არსებობს მთელი რიგი ფორმალური პროცედურები და ჩვენ საჰაერო ადმინისტრაციას არ მიუღია რაიმე სახის შეტყობინება, რომ ფრენა აღდგენილია. აქედან გამომდინარე, ვერ დავადასტურებ, რომ ეს არის ფრენების აღდგენა, მაგრამ ვიმეორებ ჩვენ მივესალმებით თუ კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

პარალელურად რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო „როსავიაციაც“ უარყოფს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა უკვე აღადგინეს. მათი ინფორმაციით, ეს პროცესი ჯერ კიდევ დაკვირვების ქვეშაა და რუსეთსა და საქართველოს შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენის კონკრეტული თარიღი ამ მომეტისთვის არ სახელდება.

„როსავიაციის“ წარმომადგენელმა სააგენტო "ერბეკას" განუცხადა, რომ ავიაკომპანია „სიბირმა" მხოლოდ ნებართვა მიიღო და ავიარეისების შესრულებას საქართველოსთან მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაიწყებს.

ფრენების აღდგენა რომ ბაზარს გააჯანსაღებს და არა მხოლოდ ავიაციისათვის იქნება სიკეთე, სპეციალისტებიც ადასტურებენ. თუმცა, საავაიციო სფეროს ექსპერტი იასე ზაუტაშვილი ამბობს, რომ არ შეძლება განმეორდეს ის, რაც 2014 წელს მოხდა, როცა მხოლოდ რუსული მხარის კომპანიებს მოერგო ხელშეკრულება. ფრენის აღდგენა მისაღემია, მხოლოდ პარიტეტის შემთხვევაში.

,,ამ ინფორმაციას დღეს მეც გავეცანი. არის ვარაუდი, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ქუთაისიდან დაიწყებენ ფრენას. მთავარია, რომ უკვე აქტიურად განიხილება და ეს ფაქტია. პრინციპში ეს ცუდი არცაა, გამომდინარე იქედან, რომ მოთხოვნა იყო დიდი და იგი არც შემცირებულა, რუსეთის მხრიდან საქართველოში შემომსვლელი ტურისტები შემოვლითი გზით ერევნიდან და მინსკიდან მოფრინავენ. მათ ნამდვილად გაეხსნებათ პირდაპირი გზა და სწორედ ისინი არიან ქართულ ტურიზმში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებლები.

ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარეც. ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩინოს ქართულმა მხარემ პრინციპულობა, რომელიც არც ერთ ეტაპზე, მათ შორის არც 2014 წლის მოლაპარაკებისას, არ გამოუჩენია. შეთანხმება უნდა იყოს პარიტეტისა და სამართლიანობის პრინციპით. რუსეთიდან, ვისაც არ ეზარება, შემოდის ყველა, სახელმწიფო ავიაკომპანიაც კი და ჩვენი მხრიდან არ ხდება სათანადო გადაზიდვები, ერთადერთი ქართული ავიაკომპანია ახორციელებს მიმოსვლას.

დაუშვებელია ამ რეჟიმით მიმოსვლა. ჩვენ უნდა დავიცვათ ადგილობრივი ბაზარი და ის საერთაშორისო ნორმები, რაზეც ორივე მხარეს გვაქვს ხელი მოწერილი. ამჯერად მაინც არ უნდა ,,გავუწვეთ” რუსეთს”, - განაცხადა ზაუტაშვილმა.

,,რეზონანსი” უშედეგოდ ცდილობდა კომენტარის მოპოვებას, ქართული ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარლაიზისაგან”, რომელიც ინტენსიურად ასრულებდა ავიარეისებს რუსეთის მიმართულებით. გენერალურმა დირექტორმა მიზეზად თათბირი დაასახელა, შემდეგ კი ზარებს აღარ უპასუხა.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი "რეზონანსი"