"9 თვეში საქალაქო-სამგზავრო ტრანსპორტით უფასო ან შეღავათიანი ტარიფით 85 799 707 მგზავრია გადაყვანილი - მეტროპოლიტენში მგზავრთნაკადის მატებაა"

2019 წლის 9 თვეში საქალაქო-სამგზავრო ტრანსპორტით უფასო ან შეღავათიანი ტარიფით გადაყვანილია 85 799 707 მგზავრი, რაც დაფინანსებულია 45 მილიონი ლარით. ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მამუკა მუმლაძემ აღნიშნა, მეტროპოლიტენით გადაყვანილია 36 მილიონი მგზავრი, ავტობუსებით - 44 მილიონი მგზავრი.

„რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ელექტრონული აღმრიცხველის საშუალებებით, მგზავრობის ტარიფის 50%-იანი შეღავათით გადაყვანილია 6 633 588 მგზავრი",- განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

ამასთან, მამუკა მუმლაძის თქმით, მეტროში მგზავრთნაკადი გაზრდილია.

„მეტროპოლიტენში მგზავრთნაკადის მატებაა. თუ ერთი წლის წინ 300 000 მგზავრის მომსახურება იყო დაფიქსირებული, მეტროს ნაწილში, დღეს პიკის საათებში 440 ათას მგზავრზე ვართ ასული. დედაქალაქში მერმა განაცხადა, რომ 40 ახალი ვაგონის შესყიდვა მოხდება. ტექნიკური დავალება დამუშავება მიმდინარეობს და ტენდერი წელს უკვე უნდა იყოს გამოცხადებული", - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

ასევე მისივე ინფორმაციით, კაპიტალური შუალედური შეკეთება 15 ვაგონს ჩაუტარდა, რამაც მერიას საშუალება მისცა საბურთალოს ხაზზე 3-ვაგონიანი შემადგენლობა 4-ვაგონიანით ჩაანაცვლოს.

მისივე ინფორმაციით, პროგრამის ბიუჯეტი 20 100 000 ლარია.

"ასევე 12 სექტემბერს გამოცხადდა ტენდერი 11 ვაგონის შეკეთება- მოდერნიზაციის საკითხზე, საერთო ღირებულებით 7 999 167 ლარზე. სატენდერო წინადადებების მიღება 22 ოქტომბერს მთავრდება",- განაცხადა მუმლაძემ.