22 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნით პანელს „მაღალი დონის დიალოგი, ერთად საერთო მომავლისკენ: სტაბილური და მდგრადი ზრდის მოდელები“ მოდერაციას მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი ნოურიელ რუბინი გაუწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
„ნოურიელ რუბინი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლის ეკონომიკის პროფესორია. ნოურიელ რუბინი ასევე არის Roubini Macro Associates, LLC– ს (ნიუ – იორკი) გლობალური მაკროეკონომიკური საკონსულტაციო ფირმის აღმასრულებელი დირექტორი და Rosa & Roubini Associates–ის თანადამფუძნებელი (ლონდონი). დოქტორ რუბინის გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები, მათ შორის გლობალური მაკროეკონომიკური საკითხების შესახებ. თანაავტორია წიგნების სერიისა „პოლიტიკური ციკლები“, რომელთა შორისაა ნაშრომები: „თეორია და მტკიცებულება“ (MIT Press, 1997); „განვითარებადი ბაზრების ფინანსურ კრიზისებზე რეაგირება“ (Institute for International Economics, 2004) და „კრიზისული ეკონომიკა: სწრაფი კურსი ფინანსების მომავალში“ (Penguin Press, 2010). დოქტორ რუბინის შეხედულებებს გლობალურ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად ციტირებს მედია, ხოლო თავად ხშირად სტუმრობს სხვადასხვა ბიზნეს-გადაცემას. მასზე ხშირად წერენ და კომენტარისთვის მიმართავენ New York Times Magazine-სა და სხვა წამყვან გამოცემებში. დოქტორ რუბინის შეხედულებებს ასევე ფართოდ აშუქებს Financial Times.
ნოურიელ რუბინმა მიიღო ბაკალავრის ხარისხი ბაკონის უნივერსიტეტში (მილანი, იტალია) და ეკონომიკის დოქტორის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში. სტერნში მუშაობის დაწყებამდე ის იელის უნივერსიტეტის ეკონომიკის განყოფილების ფაკულტეტზე საქმიანობდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.