სავაჭო საკითხებში აშშ-ს წარმომადგენლის რობერტ ლეიტჰაზიერის ოფისმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ 18 ოქტომბრიდან ევროპიდან იმპორტირებულ გარკვეულ პროდუქციაზე ამერიკაში ახალი საბაჟო ტარიფი ამოქმედდა. საუბარია 10- და 25%-იან საბაჟო ტარიფებზე - წერს „როიტერსი“.
8 ოქტომბერს ლეიტჰაიზერის აპარატმა გამოაქვეყნა სია იმ პროდუქტების, რომლებიც ახალი ტარიფით დაიბეგრებოდა. ჩამონათვალში მოხვდა ბრიტანული, ესპანური, გერმანული და ფრანგული საფრენი აპარატები, რომლებზეც საბაჟო ტარიფი 10%-ით გაიზრდებოდა. ამასთან, ევროპის ცალკეული ქვეყნებიდან იმპორტირებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ტარიფი უნდა გაზრდილიყო 25%-ით. ეს კი შეეხებოდა ფრანგულ ღვინოს, შოტლანდიურ ვისკის, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებულ ყველს.
როგორც ცნობილია, ორშაბათს მსო-მ ოფიციალურად დართო ნება ვაშინგტონს დააწესოს ევროპიდან იმპორტირებულ 7,5 მილიარდის პროდუქტზე საბაჟო ტარიფები, რაც გამოწვეულია ევროკავშირის მხრიდან ევროპული „ეარბასის“ არასამართლიანი სუბსიდირების პროგრამით, რომელიც არასამართლიან მდგომარეობაში აყენებს მის ამერიკელ კონკურენტს „ბოინგს“.