Facebook-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების ათეული დატოვა

კომპანია Interbrand-მა ყოველწლიური ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების რეიტინგი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ რეიტინგის ათეულში ვერ მოხვდა Facebook, მან წელს მე-14 ადგილზე გადაინაცვლა. Facebook-ი 39,9 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. აღსანიშნავია, რომ კორპორაცია რეიტინგში პირველად 2012 წელს მოხვდა, მაშინ ის 69-ე ადგილზე იყო. 2017 წელს უკვე ყველაზე მაღალ მე-7 პოზიციამდე ამაღლდა. გასულ წელს ის მეცხრე ადგილზე იყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, წლევანდელ რეიტინგსაც ლიდერობენ Apple, Amazon და Google. ათეულში ასევე არიან ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Microsoft, Samsung, Coca-Cola, Toyota, Mercedes-Benz და McDonald's. ათეულში ლიდერებს შორის კვლავ არის Disney, რომელიც 44 მილიარდადაა შეფასებული.

რაც შეეხება ლიდერებს, ზრდის ტემპის მიხედვით ესენი არიან Mastercard (25%), Salesforce.com (24%), Amazon (24%), Gucci (23%) და Starbucks (23%).

როგორც ცნობილია, Interbrand-ის პირველი რეიტინგი 20 წლის წინ გამოქვეყნდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ის, რომ რეიტინგი დატოვა 137-მა ბრენდმა მათ შორის არიან Nokia და MTV. ბოლო 20 წლის განმავლობაში კი ათეულში რჩებიან Coca-Cola და Microsoft.

2001 წელს ტოპ 100 ბრენდის ჯამურმა ღირებულებამ 988 მილიარდი შეადგინა, ამჟამად კი 2,1 ტრილიონი დოლარია.

კოკა კვირკველია