ბიზნესომბუდსმენი საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება. როგორც ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებსა და შრომის უსაფრთხოებაზე ახალი ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე იმსჯელებენ.

„20-მდე ბიზნესასოციაცია ესწრება შეხვედრას. განხილვა შეეხება შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს. პროექტის ინიციატორებისთვის 10- პუნქტიანი შენიშვნები გვაქვს გაგზავნილი, რომელიც შეეხება როგორც სამუშაო საათების რეგლამენტირებას, ასევე ზეგანაკვეთური სამუშაო საათების რეგლამენტირებას და იმ საკითხებს, რომლებიც ბიზნესზე, დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობებზე მნიშვნელოვნად აისახება.

მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ცვლილებების განხორციელებამდე შეფასდეს მათი ზეგავლენა. ასევე განვიხილავთ შრომის უსაფრთხოების ერთ-ერთ რეგლამენტს, რომელიც კომპიუტერებთან მუშაობის წესს ეხება, რაზეც ბიზნესთან და შესაბამის სამინისტროსთან უკვე გვქონდა კომუნიკაცია,"- განაცხადა ლექვინაძემ.