„ჯივიპიმ“ კახეთის გზატკეცილზე, ისნის პანდუსთან სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

„ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერმა“ კახეთის გზატკეცილის მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ისნის პანდუსთან წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანიამ, პროექტის აღნიშნულ ეტაპზე 500 მეტრი სიგრძის ახალი ქსელი მოაწყო, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და სახანძრო ჰიდრანტები დაამონტაჟა, რომლის საინვესტიციო ღირებულება 300 000 ლარზე მეტს შეადგენს.

„ჯივიპი“ ახალი ქსელის ექსპლუატაციაში გაშვების მიზნით, გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 19 ოქტომბერს განახორციელებს. მათივე ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 19 ოქტომბერს, 18:00 საათიდან 20 ოქტომბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ისნის რაიონში: შირაქის, აწყურის, შორაპნის, გარე კახეთის, ნავთლუღისა და მიმდებარე ქუჩებს, ასევე, ლეხ კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს“. - ნათქვამია ინფორმაციაში.