"სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა ვერ ხდება"

სამწუხაროდ, შემთხვევებისგან დაზღვეული არავინ არაა, მაგრამ ვთვლით, რომ კომპანიების უმრავლესობა, კანონით რაცაა გათვალისწინებული, ასრულებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განუცხადა.

კითხვაზე, რა კეთდება იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებზე მუშების დაღუპვის შემთხვევები შემცირდეს, ლექვინაძე აცხადებს, რომ გამკაცრებულია კანონმდებლობა.

„შრომის უსაფრთხოების მიმართულებით გასული წლის დასაწყისიდან კანონმდებლობა საკმაოდ გამკაცრებულია, განსაკუთრებით იმ კომპანიების მიმართ, სადაც მომეტებული რისკის საფრთხე არსებობს. თბილისში თუ თბილისს გარეთ ბევრმა კომპანიამ დაიწყო მოთხოვნების შესრულება, რაც ნიშნავს, რომ გარემო ბევრად გაუმჯობესებულია.

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა ვერ ხდება. აქ საჭიროა მაკონტროლებლის მხრიდან აქტიური მოქმედება, რომ აღსრულების პროცესი შესაბამისი იყოს“, - განაცხადა ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში „ჯორჯიან მანგანეზის" თანამშრომელი, 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი დაიღუპა.