თბილისში სატრანსპორტო ნაკადების მოსაწესრიგებლად ქუჩებზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების დგომა მერიის დირექტივის შესაბამისად განხორციელდება.
ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მამუკა მუმლაძემ აღნიშნა, სამომავლოდ, შესაძლოა, კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიიღოს პატრულმა „ქუჩების გაჭედვის“ დროს და მერიის დირექტივის ქვეშ მოექცნენ საპატრულო ეკიპაჟები.
"ჩვენ წავედით იმ მიმართულებით, რომ თუ ახლა 112-ში კონტრაქტორი კომპანია ზის და კამერების მართვით არის დაკავებული, ეს გააკეთოს მომავალში თვითონ მერიამ. შეიქმნას სისტემა, სადაც გადამზადებული კადრები იქნებიან. იმ შუქნიშნების რესურსების გამოყენებით, რომელიც გვაქვს, ჩვენ თვითონ მოვახდინოთ ნაკადების დათვლა, კონკრეტულ კვანძებზე გადაწყვეტილებების მიღება, კონკრეტული ქუჩების დაპროექტება-მოდელირება, რაც შემდგომ გადაეცემა ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურს. ასევე, კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიიღოს პატრულმა ქუჩების გაჭედვის დროს და ჩვენი დირექტივის ქვეშ მოექცნენ საპატრულო ეკიპაჟები",- განაცხადა მუმლაძემ.
როგორც მუმლაძემ სხდომის დასრულების შემდეგ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, საუბარია არსებული სისტემის გაუმჯობესებაზე.
"არსებულის გაუმჯობესება გულისხმობს იმას, რომ თითოეული ახალი ლოკაცია როდესაც კეთდება, აღჭურვილი იქნება ახალი ტექნოლოგიებით, ეს არის დეტექტორები, კამერები, რომლებიც ნაკადებს თვლის და უნარები აქვს, როგორ მართოს ეს ნაკადები. ასევე, ის ინსტრუმენტი, რომელიც ამ ნაკადების დათვლის შედეგად მოდელირების გაკეთებაში დაგვეხმარება, ეს უკვე შევიძინეთ. კადრების გადამზადება მიმდინარეობს, რომ ამ ელექტრონული მართვის დოკუმენტის სისტემის გამოყენება ვისწავლოთ. ჯამში, ამ პროგრამირებით მოხდება მთელი ქალაქის მოცვა. შეგვეძლება ვთქვათ, რა მოხდება გმირთა მოედანზე, თუ პეკინის, ვაჟა-ფშაველას ან ყაზბეგის გამზირებზე შუქნიშნების რეჟიმებს შევცვლით.
112-ში ჩვენი ჯგუფი უკვე ზის და მუშაობს. ხდება ამის გაუმჯობესება, რაც გვაქვს. რაც შეეხება იმას, რომ მერიის დირექტივის ქვეშ მოექცეს კონკრეტულ კვანძზე პატრულის ეკიპაჟის ქმედება, აქ ვიგულისხმე შემდეგი - თუ კონკრეტულ ლოკაციაზე პატრულის ეკიპაჟია, ის ვერ ხედავს მისგან 3 კილომეტრში რა ხდება. ამას ხედავენ სისტემის მმართველები. ჩვენთან მივა ინფორმაცია საპატრულო პოლიციასთან კვანძზე, რომ შეიცვალოს რეჟიმი, რასაც ხელით ჩარევა სჭირდება ზოგჯერ, საით გადაირთოს ნაკადები. არა მარტო საპატრულო პოლიციაში წავა ინფორმაცია, სატრანსპორტო კომპანიაშიც, რომ ავტობუსების გადალაგება მოხდეს სხვა ხაზებზე, ასევე მიკროავტობუსების კომპანიაშიც წავა ინფორმაცია, რომ კონკრეტულ ადგილზე გაჭედილია მოძრაობა. ინფორმაცია წავა მესიჯის ან მეილის სახით, რომ გადაეწყონ იმ დირექტივაზე, რაზეც გადაწყვეტილება პატრულმა და ტრანსპორტის სამსახურმა მიიღო ანალიტიკაზე დაყრდნობით. ეს ადამიანები გვეყოლება ჩვენ, ვინც ანალიტიკაზე გააკეთებს და გადაწყვეტას მოიფიქრებს. თუმცა, ამ პროცესის დამსწრე იქნება საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ახლაც არის დამსწრე. ამ უნარებს ჩვენ ვიძენთ და პრაქტიკაში გატარებას დავიწყებთ",- განაცხადა მუმლაძემ.