ლევან ვეფხვაძე „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე - არ შეიძლება ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება მოხდეს არაევროპულად და ბოლშევიკური მეთოდებით

ჩვენი პოზიციაა, რომ არ შეიძლება ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება მოხდეს არაევროპულად და „ბოლშევიკური“ მეთოდებით, ასეთი დაჩქარებული ტემპებით და შეფასებების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს „შრომის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

ვეფხვაძის თქმით, აუცილებელია მომზადდეს რეგულირების ზემოქმედების შეფასება (RIA).

„მიგვაჩნია, რომ სტანდარტი, რაც ევროპაში კანონმდებლობის მიღებასთან არის და განუყოფელი ნაწილია რეგულირების ზემოქმედების შეფასება, ამის გარეშე მსგავსი კანონმდებლობის მიღება შეუძლებელია. უნდა დავთვალოთ, რა დამატებითი ხარჯი ექნება ბიზნესს გასაწევი და შესაბამისად მოვიფიქროთ, როგორ აცდეს ბიზნესი ამ ხარჯებს, ან მოვითხოვოთ, რომ მოხდეს კონკრეტული მძიმე ნორმების გადავადება და ბიზნესს დრო ჰქონდეს მომზადებისთვის“, - განაცხადა ვეფხვაძემ.