„ჯიბეში ხელის ჩაყოფას ვერ დავეთანხმები - ადამიანები აგროვებენ საპენსიო დანაზოგებს, რაც ანგარიშზე ერიცხებათ"

„ჯიბეში ხელის ჩაყოფას ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რადგან ადამიანები აგროვებენ თავიანთ საპენსიო დანაზოგებს, რომელიც ერიცხებათ პირად საპენსიო ანგარიშზე“, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას მას შემდეგ განაცხადა, რაც დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა შეკითხვა დაუსვა.

„2018 წლის 31 დეკემბერს, როცა ხალხის ჯიბეში ხელის ჩაყოფა და ფულის ამოცლა დაწყებული ჯერ არ იყო, ამას გადავდებთ გვერდზე, გაისად უკვე სხვა ტიპის ანგარიში გვექნება მოსასმენი და რას ურჩევთ პარლამენტს, რა კრიტერიუმებით უნდა შეგაფასოთ?“- მიმართა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საპენსიო სააგენტოს დირექტორს.

აღნიშნულ კითხვაზე ლევან სურგულაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს ასე უპასუხა:„ჯიბეში ხელის ჩაყოფას ნამდვილად ვერ დავეთანხმები, ეს არის ის, რომ ადამიანები აგროვებენ თავიანთ საპენსიო დანაზოგებს, რომელიც ერიცხებათ თავიანთ პირად საპენსიო ანგარიშზე. გაისად, რა თქმა უნდა, ჩვენ წარვდგებით კარგი შედეგებით, ეს იქნება საპენსიო სქემაში ჩართული ადამიანების დიდი რაოდენობა, ეს იქნება თვითონ ფონდის მოცულობა, რომელიც იქნება საკმაოდ მასშტაბური. ჩვენ ველოდებით, რომ დაახლოებით 1 წლის შემდეგ, სადღაც მილიარდ ლარს უნდა გადავცდეთ. ასევე, ეს თანხები იქნება ინვესტირებული ყველა საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით და წესების დაცვით, დივერსიფიცირებულ პორტფელში, რომელსაც ექნება კარგი ეკონომიკური სარგებელი, კარგი ამონაგები. ეს იქნება ჩვენი მიღწევა შემდგომი ანგარიშის წარდგენისას“, - განაცხადა სურგულაძემ.