მსოფლიოს ქალაქები, სადაც უძრავი ქონება გაძვირდა - შეიცვალა თუ არა ფასები ქართულ ბაზარზე

ჩინური სიანი პირველია იმ ქალაქების რეიტინგში, სადაც 2019 წელს უძრავი ქონება ყველაზე მეტად გაძვირდა. სიანში ფასებმა 25,1%-ით მოიმატა. ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ინდექსში Global Residential Cities Index-ი (GRCI), რომელიც საკონსალტინგო კომპანია Knight Frank-მა მოამზადა. ამ რეიტინგში მეორე ადგილზე მოხვდა უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი, სადაც უძრავ ქონებაზე ფასები 24,2%-ით გაიზარდა. მესამე ადგილზეა ინდური ქალაქი ჰაიდარაბადი, აქ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უძრავი ქონება 18,3%-ით გაიზარდა.

Top-10 ქალაქი, სადაც 2019 წელს უძრავი ქონება ყველაზე მეტად გაძვირდა

  • სიანი (ჩინეთი) - 25,1%
  • ბუდაპეშტი (უნგრეთი) - 24,2%
  • ჰაიდარაბადი (ინდოეთი) - 18,3%
  • აჰმედაბადი (ინდოეთი) - 15,3%
  • უჰანი (ჩინეთი) - 14,6%
  • სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი) - 14,6%
  • პორტო (პორტუგალია) - 13,6%
  • ჩანჩინი (ჩინეთი) - 12,1%
  • ზაგრები (ხორვატია) - 11,4%
  • ათენი (საბერძნეთი) - 11,2%

Global Residential Cities Index-ის რეიტინგში სულ 150 ქალაქი მოხვდა. აქედან 120 ქალაქში უძრავი ქონებაზე ფასმა მოიმატა, დანარჩენ 30 ქალაქში კი მცირედით შემცირდა. Knight Frank-ის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად უძრავი ქონება სიდნეიში გაიაფდა - 9,6%-ით. 9,4%-ით შემცირდა ფასები დუბაიში, 9,3%-ით მელბურნში, 7,8%-ით აბუდაბიში, 7,5%-ით ლუბლიანაში და ა.შ.

რაც შეეხება თბილისს, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა მსოფლიოში უძრავი ქონების გაძვირების ფონზე როგორი შეიცვალა ფასები დედაქალაქში. როგორც უძრავი ქონების სააგენტო „კიბეს“ ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, დედაქალაქში უძრავ ქონების ფასი მცირედით გაიზარდა, თუმცა სტაბილურობას მაინც ინარჩუნებს.

„ზოგადად, თბილისში ბინების ფასი არ შეცვლილა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში მომატების ტენდეციები შეინიშნება. მაგალითად, თუ ვარკეთილში ერთი კვადრატული მეტრი 500 დოლარი ღირდა, ახლა 550 დოლარია და მეტროსთან 600 დოლარიც კი ღირს. ზოგადად, პატარა ბინები უფრო იყიდება, დიდ ბინებზე მოთხოვნა ნაკლებია, შესაბამისად, შესაძლოა, ფასი დააკლდეს. გაზრდის მკვეთრი ტენდენცია არ შეინიშნება.

რაც შეეხება მეორად ბინებს, ამ შემთხვევაში ფასი ცოტა იკლებს, რადგან ძველ ბინებს გაყიდვები უჭირს. ახალ აშენებულზე კი მატულობს. მეორად ბინას ისეთი ადამიანი ყიდულობს, რომელსაც ბინა არ აქვს და შესვლა მაშინვე სურს. ახალ აშენებულებზე კი მოთხოვნა დიდია, რადგან კომპანიები კლიენტს მოქნილ გრაფიკს სთავაზობენ,“ - განაცხადა გოგუაძემ.

ლიკა ამირაშვილი