ეჭვი არ გვეპარება, რომ „შრომის კოდექსში" ცვლილებები ტვირთად დააწვება ბიზნესს და გააძვირებს პროდუქციას, - ამის შესახებ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა შალვა ცხაკაიამ ჟურნალისტებს „საქართველოს შრომის კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.
შალვა ცხაკაიას თქმით, დაგეგმილი ცვლილებების მიმართ არაერთი შენიშვნა არსებობს და ცვლილებები განხორციელების შემთხვევაში ბიზნესს ტვირთად დააწვება.
„მთავარი, რაც ბიზნესს აინტერესებს ისაა, თუ რა ზემოქმედება ექნება ამ ცვლილებებს. ამიტომ, მოვითხოვთ იმ ანალიზის ჩვენებას, რას გამოიწვევს ეს რეგულაცია. ვფიქრობთ, კანონპროექტში ძალიან ბევრი პრობლემური საკითხია. მნიშვნელოვანია იმის ანალიზი, კანონპროექტი რამდენად გაუძვირებს მომხმარებელს პროდუქციას, რომელსაც დღეს ბიზნესი არსებული დანახარჯებით სთავაზობს. შეზღუდვები სტაჟირებასთან, სამუშაო დროსთან დაკავშირებით და სხვა, დამატებითი წნეხია ბიზნესზე და გააძვირებს პროდუქციას. ჩვენ ამაში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ რადგან კანონპროექტის ავტორებს ჰგონიათ, რომ ეს კარგია ეკონომიკისთვის, უნდა ვნახოთ დეტალური ანალიზი, რეალურად რა შედეგებია მოსალოდნელი“, - აღნიშნა ცხაკაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადდა „საქართველოს შრომის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება.