სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ორგანიზებით, ქალაქ თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა.
ღონისძიება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების ფარგლებში ჩატარდა.
ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.
ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.
RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილეებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა.
გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე.
ღონისძიების მიმდინარეობისას, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა პროფესია საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT).
ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5 მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.