ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებს შეხვდა და შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ მომზადებული სამართლებრივი დასკვნები გააცნო.
ბიზნესომბუდსმენს “შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე 17, ხოლო „საქართველოს შრომის კოდექსზე“ 10 შენიშვნა-წინანადადება აქვს.
„ვფიქრობთ, რომ ისეთი ძირეული ცვლილებების განხორციელება, როგორიც არის ნორმირებული სამუშაო დროის დადგენა, ზეგანაკვეთური მუშაობის მაქსიმალური საათების რაოდენობის განსაზღვრა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მოცულობის დადგენა, ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების დადების საფუძვლებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების გამკაცრება, შრომის ინსპექციისთვის ფართო უფლებამოსილებების მინიჭება და ა. შ. მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე. ცვლილებები აუცილებლად იქნება დაკავშირებული დამსაქმებლების ფინანსური ვალდებულებების ზრდასთან. აღნიშნული კი მძიმე ტვირთად დააწვება განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს,“ - განაცხადა ბიზნესომბდუდსმენმა.
ირაკლი ლექვინაძის თქმითვე, აღნიშნული ფორმით შრომის კოდექსის ცვლილება გაააქტიურებს ჩრდილოვან შრომითი ურთიერთობებს, რაც როგორც დასაქმებულისთვის, ასევე დამსაქმებელისთვის არის დამაზიანებელი.
„მოსალოდნელია, რომ შემოთავაზებულმა ცვლილებებმა გამოიწვიოს ჩრდილოვანი შრომითი ურთიერთობების ჩამოყალიბება, როცა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობები მიმდინარეობს კანონის რეგულაციებს მიღმა. აღნიშნული კი გაართულებს ახლად შექმნილი შრომის ინსპექციის მიერ შრომითი პირობების დაცვის მონიტორინგს. გარდა ამისა, ქვეყანაში ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით და უმუშევრობის შემცირების მხრივ, მეტად მნიშვნელოვანია იმის ანალიზი, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს შემოთავაზებულმა ცვლილებებმა ბიზნეს გარემოზე. მიგვაჩნია, რომ ახალი შრომითი რეგულაციები ბიზნესს შეუქმნის ბარიერებს, ნეგატიურად შეცვლის ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლებს, რაც დიდი ალბათობით აისახება ზემოაღნიშნულ რეიტინგებზე, “ - ამბობს ლექვინაძე.
ბიზნესომბუდსმენი კანონპროექტების ინიციატორებს საქართველოს პარლამენტში ინიცირებამდე ცვლილებებზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ჩატარებას სთავაზობს და გამოთქვამს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს ზემოაღნიშნული რეგულირების ზემოქმედების შეფასების (RIA) განხორციელებაში.
„RIA მოგვცემს შესაძლებლობას გავაანალიზოთ მოსალოდნელი რისკები ბიზნესისთვის, რაც შეიძლება მოჰყვეს შემოთავაზებული ცვლილებების მიღებას და ამაგვარად, გამოირიცხოს ის ნეგატიური შედეგები ბიზნეს გარემოსთვის, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს შრომითი კანონმდებლობის დაგეგმილ რეფორმას,“ - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.