ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის მიერ პარლამენტში აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონპროექტის ხელახლა შეტანის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს რეკლამის განმთავსებელ კომპანიებს დააზიანებს.
„თავიდან შემოტრიალება იმ კანონპროექტის, რომელიც თავის დროზე გაჩერდა და პრაქტიკულად არც ერთი ინდუსტრიის პოზიციას არ ითვალისწინებს, პირველ რიგში ზიანის მომტანი იქნება რეკლამის განმთავსებელი კომპანიებისთვის.
თავდაპირველი ვარიანტი, რომელიც ბატონ ლევან გოგიჩაიშვილს ჰქონდა წარმოდგენილი და ითვალისწინებდა აზარტული თამაშები რეკლამის პრაქტიკულად სრულად აკრძალვას, ჩვენი შეფასებით, დააზიანებს არა სათამაშო ბიზნესს, არამედ უფრო მეტად სარეკლამო კომპანიებს, რეკლამის განმთავსებელ კომპანიებს და მათ შორის მედიასაც, რომელიც ერთ-ერთი კონტრიბუტორია რეკლამის განთავსების კუთხით“, - განაცხადა ლექვინაძემ.
მისივე თქმით, ამჟამად პარლამენტში არის კანონპროექტის ალტერნატიული ვერსია, რომელიც მისაღებია ყველა მხარისთვის.
„ჩვენ პარლამენტის წევრებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან აქტიური კონსულტაციები გვქონდა და შეთანხმებული ვართ კანონპროექტის ოპტიმალურ ვერსიაზე,"-აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.
შეგახსენებთ, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ის პარლამენტში აპირებს ხელახლა დაარეგისტრიროს აზარტული თამაშები რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი, რომელსაც 9 თვის წინ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.