ლევან სილაგავა - „აბრეშუმის გზის ფორუმს“ შეუძლია ინვესტორებს ჩვენი ქვეყნის საინტერესო ბიზნესგარემო დაანახოს

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, „აბრეშუმის გზის ფორუმს“ შეუძლია, ინვესტორებს ჩვენს ქვეყანაში არსებული საინტერესო ბიზნეს გარემო დაანახოს.

ამასთან, ლევან სილაგავას თქმით, სარგებლის მიღებაა შესაძლებელი საქართველოს სატრანზიტო გზის მეშვეობითაც.

„ფორუმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რამდენადაც ვიცით, მასში მონაწილეობენ პირები, ვისაც საქართველოში ინვესტიცია უკვე ჩადებული აქვს. შესაბამისად, ფორუმის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი გამოცდილება და მაგალითები დაინტერესებულ პირებს გაუზიარონ. გარდა ამისა, საქართველოსთვის ძალიან მნშვნელოვანია მოზიდული სატრანზიტო გადასახადები. შესაძლებელია, სარგებლის მიღება იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა ტვირთის ტრანსპორტირების იაფი შესაძლებლობა გახდეს“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

მიმდინარე წელს, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთისა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერები, სხვა ქვეყნების ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. ფორუმის ფარგლებში უკვე ჩანიშნულია 200-მდე ბ2ბ შეხვედრა.

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ ორგანიზატორები არიან საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო.