საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს კიდევ ერთი კომპანია - „ანაგი“ შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ანაგი“ უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში. ის 1989 წელს დაარსდა და სულ მალე ქვეყნის სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია დაიკავა, რომელსაც ამჟამადაც ღირსეულად ინარჩუნებს.
„ანაგის“ ძირითად საქმიანობას სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობა წარმოადგენს და მისი აქტივობა ამ დარგის სრულ სპექტრს მოიცავს. კომპანია მზადაა შესთავაზოს დამკვეთს მომსახურების სრული პაკეტი - საპროექტო სამუშაოებით დაწყებული, ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებით დასრულებული.
„2011 წლიდან მოყოლებული კომპანიაში დაინერგა და ეფექტურად ფუნქციონირებს ხარისხის მართვის სისტემა - ISO 9001. 2017 წელს „ანაგმა“ წარმატებით გაიარა რესერტიფიცირება სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესების მიხედვით და მოიპოვა ISO 9001:2015 სერტიფიკატი, ხოლო 2019 წელს, „ანაგი“ გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც შეძლო მის მიერ დამუშავებული დოკუმენტაციის შესაბამისად, მოეპოვებინა ISO 45001:2018 სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი წარმოადგენს მენეჯმენტის სისტემის პირველ საერთაშორისო სტანდარტს შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოების (OH&S) საუკეთესო პრაქტიკის დასადგენად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად.
კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური საინჟინრო კადრებით, რომელთა უმეტესობას გააჩნია 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება. დღესათვის კომპანიაში დასაქმებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი. „ანაგის” მთავარი მიზანია დამკვეთის წინაშე აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულება, რაც კომპანიის გრძელვადიან საიმედოობას განაპირობებს.
დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „ანაგი” სთავაზობს საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სრული პაკეტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის შესრულებას, მათ შორის: საცხოვრებელი, სასტუმრო, საზოგადოებრივი, სამრეწველო დანიშნულების ობიექტების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობას; ინტერიერის დიზაინს და შიდა სამუშაოების შესრულებას; გარე მოპირკეთების სამუშაოების წარმოებას; საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების მენეჯმენტს; ავტოტრანსპორტითა და სამშენებლო მექანიზაციით მომსახურებას, ლაბორატორიულ მომსახურებას საშენი მასალების და ნაკეთობების ხარისხისა და სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად; კონსულტაციებს ორგანიზებასთან, ტექნოლოგიებთან, სამართლებრივ პროცედურებთან და დარგის სხვა მიმართულებებთან დაკავშირებით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.