მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქონების მართვა; საპრივატიზებო ნუსხა უნდა იყოს შთამბეჭდავი - საინვესტიციო მიზიდულობის და ფინანსური შემოსავლების თვალსაზრისითაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა იმ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებზეც მთავრობის ძალისხმევა მიიმართება და განაცხადა, რომ ძირითადი ამოსავალი იქნება დრო, ეფექტურობა და ხარისხი.
„საპრივატიზებო ნუსხაში უნდა იყოს, სხვადასხვა სიდიდის სულ მცირე, 100-120 ობიექტი. მოძებნეთ, რადგან სხვადასხვა უწყების ბალანსზეა საკმაოდ სერიოზული აქტივები, რომლებიც უბრალოდ მივიწყებულია და არ ფუნქციონირებს. ამ კუთხით ჩვენ გვჭირდება აქტიურობა და სწრაფი რეაგირება”, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაური ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნათია მეზვრიშვილთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, ასევე უწყებას დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.