საქართველოს პარლამენტი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიას შენიშვნებით და რეკომენდაციებით საქართველოს მთავრობას უკან დაუბრუნებს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის თქმით, კომიტეტზე ბიუჯეტთან დაკავშირებით 100-ზე მეტი შენიშვნა და რეკომენდაცია გამოითქვა, რაც ძირითადად სხვადასხვა მიმართულებით ფინანსური რესურსების მობილიზებას უკავშირდებოდა.
“კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტის პირველად ვერსიას. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო განხილვა იყო. ზოგადადაც, ველოდები, რომ საბიუჯეტო პროცესში ბევრი შრომატევადი სამუშაოები გვექნება ჩასატარებელი. პროექტი მთავრობას შენიშვნებით და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება. ჩვენი სურვილია, რომ აღნიშნული შენიშვნები გაითვალისწინონ. გადამუშავებული პროექტი კი ნოემბრის თვეში შემოვა პარლამენტში. პროექტს ელოდება განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე და სესიაზე”,-განაცხადა კოვზანაძემ.
საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტს ბიუჯეტის მთავარი პარამეტრები ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო. როგორც გიორგი კაკაურიძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დიდი მოცულობით ბიუჯეტის გაზრდა არსებულთან შედარებით ვერ მოხდება.
“მნიშვნელოვანი და დიდი რესურსი იმისი, რომ არსებული ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შეიცვალოს ნამდვილად არ არის. ჩვენ თითოეულ შენიშვნას განვიხილავთ, შესაძლებლობების ფარგლებში შევეცდებით, რომ შენიშვნები და წინადადებები გავითვალისწინოთ, თუმცა დიდი მოცულობით ბიუჯეტის გაზრდა არსებულთან შედარებით ვერ მოხდება”,-განაცხადა კაკაურიძემ.
2020 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გადამუშავებული პროექტი პარლამენტს ნოემბერში წარედგინება. საბოლოოდ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დეკემბერში უნდა დამტკიდეს.