სახლი კალიფორნიაში რომელიც „რკინის კაცის“ სერიებშია გადაღებული, ალისია ქისმა 20.8 მილიონ დოლარად შეიძინა

კალიფორნიის შტატში, ლა ჯოლაში სახლი, რომელიც ფილმ „რკინის კაცში“ ჩანს და ტონი სტარკს ეკუთვნის, 20.8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Mansion Global აქვეყნებს.

სახლი გასაყიდად ივნისში იყო წარმოდგენილი და მყიდველი ერთ კვირაში იპოვნეს. როგორც Architectural Digest წერს, სახლი ცნობილმა მომღერალმა და მსახიობმა ალისია ქისმა შეიძინა.

სახლი წყნარი ოკეანის სანაპიროს გაჰყურებს. რეზიდენციის თითქმის ყველა კედელი მინისაა და ოთახებიდან საოცარი ხედის დანახვაა შესაძლებელი. შენობას მინის ლიფტიცაა დამონტაჟებული. სახლის შიგნით ოთხი საძინებელი ოთახია, რომელიც ორ კარადა-ოთახს მოიცავს, უზარმაზარ მისაღებ ოთახში დიდი ბუხარიცაა გათვალისწინებული. რეზიდენცია ასევე სავარჯიშო ოთახს, საუნებს, ბიბლიოთეკას, სახლის კინოთეატრსა და სამზარეულოს მოიცავს.

შენობის იატაკი ძირითადად, ტრავერტინის ქვისაა, ბიბლიოთეკაში კი კაკლის ხის იატაკია დაგებული. ბიბლიოთეკაში ასევე, რალფ ლორენის აუზი-მაგიდა დგას. მისაღებში ალკოჰოლური სასმელის სპეციალური ბარია მოწყობილი.

ეზოში რამდენიმე ლაუნჯ-კუთხეა, მსგავსი სივრცე სახლის სახურავზეც არის მოწყობილი, რომელიც სამზარეულოში სპეციალური შესასვლელითაა დაკავშირებული. შენობა ასევე გესთჰაუსს, სპეციალურად მოწყობილ სასეირნო ბილიკებსა და საცურაო აუზს მოიცავს.