შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამიშვილის გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება“, - აცხადებენ შსს-ში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, გურამიშვილის გამზირზე, 16-სართულიან კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 პირი გადაიყვანეს.