გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე, „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფმა კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი ჩახსნა. ამასთან, აბონენტს მიეთითა, რომ აღნიშნული წყალგამაცხელებლის ჩართვა სიცოცხლისთვის საშიში იყო. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე მისულმა „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა განუცხადა.
როგორც ნათია მიქიაშვილი განმარტავს, აფეთქების კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც სპეციალისტები და საგამოძიებო უწყება დაასრულებს მუშაობას, შეეძლებათ.
„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო აბონენტებს, რომ კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარები ჩაჭრან. ამ წუთას, ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ჩახსნილი იქნა „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფის მიერ კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი და კონკრეტულად აბონენტს მიეთითა, რომ სიცოცხლისთვის საშიში იყო აღნიშნული წყალგამაცხელებლის ჩართვა.
„თბილისი ენერჯი“ წელიწადში ერთხელ აკეთებს გეგმურ შემოწმებას და ყოველწლიურად, ყველა მისამართზე მეორდება ასეთი ტიპის შემოწმება. ამას გარდა, აბსოლუტურად უსასყიდლოდ, ნებისმიერი აბონენტი, რომელიც დარეკავს და „თბილისი ენერჯის“ საინფორმაციო ხაზზე მოითხოვს, რომ შემოწმდეს მის საცხოვრებელ ფართში გაზდანადგარები და გაზის ქსელის გამართულობა, აბსოლუტურად უსასყიდლოდ ხდება გაზის ქსელის შემოწმება და ამის შემდეგ გაიცემა საბუთი უსაფრთხოა თუ არა, აღნიშნული გაზდანადგარი.
შემთხვევების 99% დაქირავებულ, ან დაგირავებულ ბინებში ხდება. ყველა მოქალაქეს გვინდა მივმართოთ, რომ ბინის ქირაობის, ან გირაობის შემთხვევაში, თქვენ გაქვთ უფლება ბინის მფლობელს მოსთხოვოთ „თბილისი ენერჯის“ მიერ გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს ამ კონკრეტულ საცხოვრებელ ფართში გაზდანადგარებისა და გაზის ქსელის უსაფრთხოებას“, - განაცხადა მიქიაშვილმა.
ამასთან, როგორც „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ შემაშფოთებელი სტატისტიკა არის, ვინაიდან აბონენტების უმეტესობა, ჩახსნილ გაზდანადგარებს თვითნებურად კვლავ აერთებენ.
„გვაქვს შემაშფოთებელი სტატისტიკა. „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფის მიერ კუსტარულად ჩახსნილი დანაგარების რიცხვი 7 000-ს სცილდებოდა. ერთ-ერთ რაიონში ხელმეორე შემოწმება განხორციელდა და აღმოჩნდა, რომ ხელმეორე შემოწმებისას, 5000-მდე აბონენტმა ხელმოერედ მოახდინა კუსტარულად დანადგარის დაერთება. მივმართავთ ყველა აბონენტს, თქვენ ხართ პასუხისმგებელი არამხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზე, არამედ გარშემომყოფებისა და მეზობლების სიცოცხლეზეც. ასე, რომ დაგვირეკეთ, შეგვატყობინეთ არსებული საფრთხეების შესახებ და „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფი დაუყოვნებლივ აღმოფრხვის ამ ტიპის საქმეებს.
აღნიშნული მისამართიდან გაზის შესაძლო კონცენტრაციის, სუნის, ან რაიმე ტიპის გაუმართავობის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მომხდარის მიზეზებზე საუბარი რამდენიმე დღეში შეგვეძლება, როცა შესაბამისი სპეციალისტები და საგამოძიებო უწყება დაასრულებს მიზეზის დადგენას. აუცილებლად ფოტომსალასაც გავავრცელებთ, რომ აღნიშნულ მისამართზე ჩახნილია წყალაგამცხელებელი და მითითებულია ჩვენი თანამშრომლის მიერ, რომ არ შეიძლება ამ წყალგამაცხელებლის ჩართვა, რადგან ის სიცოცხლისთვის საშიში იყო“, - განაცხადა მიქიაშვილმა.