2019 წლის 1 იანვრიდან ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებულმა საბანკო რეგულაციებმა საფინანსო სექტორში ძირეული ცვლილებები გამოიწვია.
რეგულაციებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ონლაინსესხების ბაზარზე, ვინაიდან შემოსავლის დადასტურების გარეშე აიკრძალა სესხების გაცემა და ასევე, გაცემული სესხის პროცენტზე დაწესდა ზედა ზღვარი. შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციები ვეღარ ახერხებდნენ კაბალური პირობებით მაღალპროცენტიანი სესხების გაცემას.
რეგულაციების ამოქმედებიდან მალევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილი დაიხურა და მთელი წლის განმავლობაში მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა მისოს დახურვის შესახებ. საინტერესოა, რა მდგომარეობაა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარზე, რა ბედი ელით ქვეყანაში მოქმედ მისოებს და რამ გამოიწვია მათი დიდი ნაწილის დახურვა.
ბაზარზე დამკვიდრებულ სამართლიან თამაშის წესებს ონლაინ სესხებმა ვერ გაუძლეს
თუკი ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბაზარს ძირითადად ის კომპანიები ტოვებენ, რომლებიც მანამდე ონლაინ სესხების გაცემით იყვნენ დაკავებული. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში ბაზრიდან გასულ ორ ან მეტ კომპანიას ერთი და იგივე მფლობელი ჰყავდა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ონლაინ სესხებმა ბაზარზე დამკვიდრებულ სამართლიან თამაშის წესებს ალღო ვერ აუღეს.
2019 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებს და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მათი რაოდენობა 14-ითაა შემცირებული. თუმცა, თუკი ლიკვიდაციაში არსებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩამონათვალს ჩავხედავთ დავინახავთ რომ 4 მათგანს ერთი და იგივე მფლობელი ჰყავს, ესენია – “სოლვა”, “ბბ კრედიტი”, “ბიზნეს სტარტაპ კრედიტი” და “კრედიტ სერვისი”. ასევე, ერთი მფლობელი ჰყავს ლიკვიდაციაში მყოფ “კავკასუსკრედიტს” და შპს “ლაზარეს”.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული და ბაზრიდან გასული ორგანიზაციები უმეტესწილად სწორედ ონლაინსესხების გაცემით იყვნენ დაკავებული და ისინი რეალურად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფუნქციას არც არასდროს ასრულებდნენ.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 1 წელიწადში ბაზრიდან 14 ორგანიზაცია გავიდა და ბაზარზე დარჩენილ მისოებსაც გარკვეული პრობლემები შეექმნათ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 816 ადამიანით არის შემცირებული, ხოლო ფილიალებისა და სერვისცენტრების რაოდენობა 41-ით. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული, 2019 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით მიკროსაფინანსოებში სულ დასაქმებულია 4175 ადამიანი, ხოლო ფილიალებისა და სერვისცენტრების ჯამური რაოდენობა 392 შეადგენს.
მისოების გაცემული სესხების მოცულობა 197 მილიონით შემცირდა, საიდანაც 120 მლნ ონლაინ სესხებზე მოდის
2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სულ გაცემული აქვთ 1,080,548,268 მოცულობის სესხი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 197 მილიონით ჩამორჩება – 2018 წელს გაცემული სესხების მთლიანი მოცულობა 1,277,691,349 შეადგენდა. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუკი 2018 წელს გაცემული იყო 185 მილიონის ონლაინ სესხი, 2019 წელს მისმა რაოდენობამ 65 მილიონი შეადგინა. ანუ, შემცირებული მოცულობის 197 მილიონიდან 120 მილიონი სწორედ ონლაინ სესხებზე მოდის. ხოლო 87 მილიონით შემცირდა სამომხმარებლო სესხების მოცულობა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ 8 მილიონით არის გაზრდილი იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა, 23 მილიონით გაიზარდა ვაჭრობის და მომსახურების დაკრედიტება. ანუ, მისოებმა უფრო რეალური სექტორების დაკრედიტება დაიწყეს. ასევე, 346 მილიონით არის შემცირებულია მისოების მიერ ნასესხები თანხების მოცულობა.
28 მილიონიანი ზარალის წინაშე მდგარი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ზარალმა დაახლოებით 28 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მისოების მოგება 17 მილიონი ლარი იყო. ერთი წლის განმავლობაში 44 მილიონითაა შემცირებული მთლიანი საპროცენტო შემოსავალი, რაც ძირითადად ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან და ონლაინ სესხებიდან შემცირებულმა საპროცენტო შემოსავალმა განაპირობა.
ასევე 321 მილიონითაა შემცირებული მისოების მთლიანი აქტივები და მან წლის პირველ ორ კვარტალში 1 მილიარდ 334 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა თავის მხრივ 369 მილიონითაა შემცირებულია მთლიანი ვალდებულებებიც.
როგორც ვხედავთ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს პირველ ეტაპზე საკმაოდ გაუჭირდათ ახალი რეგულაციებზე შეგუება, განსაკუთრებით კი ეს ეხებათ ისეთ მისოებს, რომლებიც ონლაინსესხების გაცემაზე იყვნენ ორიენტირებულნი. თუმცა, უნდა ველოდოთ, რომ დროთა განმავლობაში ის მისოები, რომლებიც სამართლიან თამაშის წესებს ალღოს აუღებენ, ბაზარზე დარჩებიან და უფრო ჯანსაღ გარემოში გააგრძელებენ საკუთარ საქმიანობას.
წყარო: bfm.ge