გურამიშვილის გამზირზე, 16-სართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია.
მომხდარის შედეგად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 პირი გადაიყვანეს. შს სამინისტრომ გამოძიება მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.
„ბიზნესპრესნიუსი“ გათავაზობთ ბოლო წლებში, საქართველოში გაზით მომხდარი აფეთქებების ყველაზე გახმაურებულ შემთხვევებს:
2019 წლის 31 იანვარი - თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. მათ ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები. მიზეზი CO-თი ინტოქსიკაციაა. მათ სახლში წვის კამერის გამათბობელი ჰქონდათ დამონტაჟებული.
2019 წლის 16 იანვარი - დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანი იყო. საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილ თანამშრომლებს, რამდენიმე დღის წინ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. მათ ბრალი სამსხურეობრივ გულგრილობაში ედებათ.
პარალელურად, 16 იანვარს აფეთქება მოხდა გორში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპურსში, რომელიც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მამაკაცმა დამწვრობა მიიღო. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
2019 წლის 31 მაისი - სამი ადამიანი დაშავდა თბილისში, საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩის ერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად. მიზეზი, სავარაუდოდ, ღიად დატოვებული გაზქურის ონკანი გახდა.
გასული წლის ნოემბერში აფეთქება მოხდა ფონიჭალაში, რა დროსაც დედა და მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალა, 3 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. აფეთქების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა დასახელდა.
2018 წლის დეკემბერში აფეთქება მოხდა სოფელ დიღომში, შერმადინის ქუჩაზე მშენებარე სახლში, რომლის შედეგად ორი პირი დაშავდა. აფეთქების სავარაუდო მიზეზად აქაც ბუნებრივი აირი დასახელდა, თუმცა უცნობია, რამ გამოიწვია გაზის დაგროვება, რადგან აღნიშნულ სახლში გაზი საერთოდ არ იყო შეყვანილი. მაშინ ითქვა, რომ გაჟონვა იმ მილებიდან მოხდა, რომელიც სახლთან ახლოს გადიოდა.
2017 წლის მარტი - აფეთქება პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, სადაც მძიმე დამწვრობა ახალგზარდა მამაკაცმა მიიღო. აფეთქების სავარაუდო მიზეზი, ასევე გაზის გაჟონვა იყო.
2017 წლის იანვარში, ბუნებრივი აირის გაჟონვით მომხდარი აფეთების შედეგად ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
2017 წლის 30 აგვისტო - თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, ასევე ბუნებრივი გაზის გაჟონვას უკავშირდება. აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
2016 წლის 25 თებერვალს გლდანში, ერთ-ერთ საშაურმეში მომხდარი აფეთქების მიზეზით ოთხი ადამიანი დაშავდა. სავარაუდოდ, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
2015 წლის აპრილში აფეთქება მოხდა გლდანში. კერძოდ, მეორე მიკრორაიონის 25-ე კორპუსში, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 4 კი დაშავდა. აფეთქების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა დასახელდა.
2015 წლის ივლისი - გლდანის მე-6 მიკრორაიონში მომხდარ აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ, გაზის გამათბობლის არასწორად დამონტაჟება გახდა.
ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ტრაგიკული შემთხვევებისა, რომელიც ბოლო წლებში გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. ფაქტია, რომ ქალაქში და ზოგადად, ქვეყანაში ამ მიმართულებით პრობლემები არსებობს, რომელიც უნდა გამოსწორდეს. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანაში გაზგაყვანილობის სისტემები იმ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით დამონტაჟდეს, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში არსებობს.